სახალხო დამცველი სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზე ბრალდებული, ილია ჯიშკარიანის საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს, თუმცა პროკურატურამ მას უარით უპასუხა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქმეში ბევრი კითხვის ნიშანი და პროცედურული დარღვევებია.
საქმეში რომ საეჭვო გარემოებებია, საუბრობს თამთა თოდაძის ადვოკატი. უფლებადამცველები ამბობენ, რომ საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი პრივილეგიებით სარგებლობს და ამიტომ პროკურატურა საქმის მიჩქმალვას ცდილობს.
საქმეში სახალხო დამცველის ჩართვას ითხოვს ილია ჯიშკარიანის უფლებადამცველიც. მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ჯიშკარიანის მიმართ დაირღვა უფლებები და პროცედურულ გადაცდომებში პროკურატურას ადანაშაულებს.
საკრებულოს დეპუტატის დაცვა, რომელიც სავარაუდო სექსუალური ძალადობის საქმეზეა ბრალდებული ქართული ოცნების დეპუტატებმა სცადეს. ოპოზიციონერი დეპუტატები კი ამბობენ, რომ პროკურატურას საქმის გამოძიება არ სურს.
“მნიშვნელოვანია გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით წარიმართოს გამოძიება, როდესაც საქმე ეხება „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს მითუმეტეს საკრებულოს დეპუტატს და ბრალდებას ისეთ საქმეზე, როგორ საქმეზეც არის ბრალი წაყენებული. მოვუწოდებთ პროკურატურას უზრუნველყოს ამ მასალების ხელმისაწვდომობა სახალხო დამცველისთვის,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლება მოძალადეს იცავს.
„პროკურატურა, „ქართული ოცნება“ და ყველა პრაქტიკულად იცავს მოძალადე ჯიშკარიანს,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ბრალდებულ დეპუტატს პროკურატურამ სამსახურში მისვლის და უფლებამოსილების შესრულება აუკრძალა, ამის პარალელურად ჯიშკარიანს უფლებამოსილება შეუჩერეს.
შეგახსენებთ, რომ ილია ჯიშკარიანს მთავარი პროკურატურა თამთა თოდაძის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედებას და ცემის ფაქტს ედავება. აღკვეთის ღონისძიების სახით მას 10 000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.
პირველი სასამართლო პროცესი 18 ნოემბერს არის ჩანიშნული.