პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე ადვოკატი დააკავა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ადვოკატმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელთან ერთად, შუამავალს შესთავაზა ერთ-ერთი თანამდებობის პირისათვის ქრთამის სახით 100 000 ლარის გადაცემა, რის სანაცვლოდაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებული უნდა გათავისუფლებულიყო სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.
„ამავე სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ასევე ქრთამის მიცემის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის ა.ლ.-ს მიმართ და მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა. ადვოკატ გ.ჩ.-ს ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. პროკურატურამ, მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.