მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმის პროკურორი, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ბრალდებულის ადვოკატები "ხელოვნურ აჟიოტაჟს" ქმნიან, რომ ვინმეს სასამართლოში სააკაშვილის მონაწილეობის ეშინია.
"დღევანდელ პროცესზე, და არა მხოლოდ დღევანდელ პროცესზე, ადვოკატებს დაჟინებული მცდელობა აქვთ ხელოვნური აჟიოტაჟი ატეხონ, რომ თითქოს განგებ არ იმართება სხდომები ან თითქოს ვინმეს ეშინია მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობით სასამართლოს გამართვისა", - განაცხადა პროკურორმა ჟურნალისტებთან.
დღევანდელ პროცესზე ადვოკატები ითხოვდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უშუალოდ დასწრებოდა პროცესს და ის სასამართლოში მიეყვანათ. პროკურორის განცხადებით, მან შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომ სააკაშვილი ალტერნატიული გზებით ჩართულიყო პროცესში, თუმცა დაცვის მხარემ უარი განაცხადა.
"ალტერნატივის სახით შევთავაზეთ, მიგვეცა შესაძლებლობა, დისტანციურად ჩართულიყო პროცესზე. რომც მომხდარიყო ბადრაგირება და სასამართლოში მიეღო მონაწილეობა, მას ექნებოდა როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ტელევიზიით გადაიცემოდა დღევანდელი პროცესი. ანალოგიურია, ვიდეოტრანსლირება ხდება, სრული შესაძლებლობა ექნებოდა, უშუალოდ მიემართა სასამართლოსთვის, დაეფიქსირებინა მისი პოზიცია, მიემართა საზოგადოებისთვის. ეს შესაძლებლობა არსებობდა და შევთავაზეთ, მაგრამ გასაოცარი გახლავთ ის რომ, დაცვის მხარემ ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, უარი განაცხადა", - ამბობს წიკლაური.
7 ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო.
საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება.
ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს.
დღევანდელ პროცესზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა.
სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით".