logo
ENG



პროკურორი: არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენს არ სტკივა, ან უგულავას მუშტი მტკივნეული არაა

01 თებ 202214:55
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/01/r6s8fgzrq5oxklf.png

გიგი უგულავას საქმის პროკურორმა ნათია გურულმა განუცხადა, რომ აეროპორტში სპოტსმენის ცემის ვიდეოს ოქმი არსებობს და "არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ". ჟურნალისტებთან საუბრისას მანვე აღნიშნა, რომ ბრალდებული გიგი უგულავა უარს აცხადებს ამნისტიაზე, ამიტომ საქმის განხილვა გრძელდება. 

"საქმეში ნამდვილად წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი და ბრალდების მხარის ნებართვით, ბრალდებულის ადვოკატსაც აქვს ნანახი აღნიშნული ვიდეოჩანაწერი.

მეორე, კანონის თანახმად, ცემა ფიზიკურ ძალადობას წარმოადგენს, რასაც შედეგად ფიზიკური ტკივილი მოჰყვა. ვფიქრობ, არავის აქვს ილუზია, რომ სპორტსმენებს არ სტკივათ, ან ბრალდებულ უგულავას დარტყმული მუშტი არ შეიძლება იყოს მტკივნეული.

მესამე, გიორგი უგულავას თანხმობის შემთხვევაში ამნისტიაზე, საქმე შეწყდება იმავე დღეს, თუმცა ვინაიდან ბრალდებული უგულავა ამნისტიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, სასამართლო პროცესები გრძელდება", - თქვა პროკურორმა. 

საქმე აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მომხდარს ეხება, რა დროსაც გიგი უგულავასა და გიორგი გაბაშვილს ორი პირი თავს დაესხა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. თუმცა, მომხდართან დაკავშირებით ბრალი გიგი უგულავას წარუდგინეს და ერთ-ერთი თავდამსხმელის, ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. 

უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს.

 


close დახურვა