logo
ENG



პროკურორი: ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა

10 თებ 202317:43
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ბადრი ესებუას საქმის პროკურორის თქმით, ბადრი ესებუას დაკავებისას დიდი ოდენობით რუსული ფული და ე.წ. აფხაზური პასპორტი ჰქონდა.

ამის შესახებ ესებუას საქმის პროკურორმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც ბადრი ესებუა დისტანციურად ესწრებოდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბადრი ესებუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობდნენ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალი უკანონო-შეძენა-შენახვა-ტარებას ეხებოდა.

პროკურატურა ესებუასთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ამის საფუძვლები არსებობდა. ბრალდების მხარის შუამდგომლობას არ ეთანხმებოდა დაცვის მხარე და განმარტავდა, რომ ესებუას უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა ერთ საქმეზე და პატიმრობის ორჯერ გამოყენება საჭირო არაა.

საბოლოოდ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების დაცვის შუამდგომლობა და უკვე პატიმრობაში მყოფ ბადრი ესებუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მეორედ აღარ შეუფარდა.

ორწლიანი ძებნის შემდეგ, საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.  ესებუა ზუგდიდში, სოფელ ჯიხაშკარში გამთენიას აიყვანეს, როცა სავარაუდოდ, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას გეგმავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა ბრალს არ აღიარებს. როგორც ადვოკატმა თქვა, ესებუას ლიკვიდაციის ეშინოდა და ამის გამო მიმალვაში იყო.

2020 წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული თავდამსხმელი შეიჭრა და ათობით მძევალი აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვებას ითხოვდა. დაახლოებით 23:00 საათზე, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ თავდამსხმელი კაცი მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა. 4 დეკემბერს ის ძებნილად გამოცხადდა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


close დახურვა