logo
ENG



პროკურორი: ფურცხვანიძე წყაროს ვერ ასახელებს, საუბრობს გაურკვეველ სახელებზე და კომპანიებზე

19 სექ 202022:29
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დავით ფურცხვანიძის გამოკითხვიდან გამოსული პროკურორი ამბობს, რომ ფურცხვანიძემ ფოტომასალის მიმწოდებელი წყაროს ვინაობა კვლავ ვერ დაასახელა. 

პროკურორ დავით გუმბერიძის თქმით, ფურცხვანიძე გაურკვეველ სახელებსა და კომპანიებს ასახელებს, რომელთა ინდენტიფიცირება და საქმესთან დაკავშირება ვერ ხერხდება. 

„ჩვენ მიერ არაერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ჩვენ ვერ მივიღეთ კონკრეტული რეალური წყარო, საიტი ან სატელიტის მონაცემი, რაზე დაყრდნობითაც გამოძიებამ, შესაძლოა, იფიქროს, რომ ეს ინფორმაცია, როგორც მტკიცებულება, წარმოადგენს რაიმე არსებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციას.

წყაროს ვერ ასახელებს. საუბარია გაურკვეველ პირებზე. თუმცა მათი საქმიანობა, კავშირები, რას წარმოადგენენ ეს პირები, რამდენად არიან შემხებლობაში საქმესთან ან რა დაინტერესება აქვთ ჩაერთონ ამ საქმეში, ფურცხვანიძემ ჩვენ ვერ დაგვისახელა.

მისი პასუხები არის ზოგადი, არ კონკრეტდება არც ქვეყანა, არც ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო", - აცხადებს პროკურორი. 

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა, დავით ფურცხვანიძის მხრიდან მიწოდებული ფოტომასალის შესახებ პირველად 8 სექტემბერს განაცხადა. რამიშვილი აცხადებდა, რომ ფოტომასალაზე სატელიტიდან გადაღებული კადრები იყო აღბეჭდილი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ 19 და 20 ივლისს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა, მისი აღმოჩენის ადგილას არ იდგა.

გუშინ 18 სექტემბერს პროკურატურამ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ფოტომასალა დამონტაჟებული და გაყალბებული იყო. 

სამართალდამცავმა უწყებებმა თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი 22 ივლისს იპოვეს. 

 


close დახურვა