logo
ENG



პროპაგანდისტული, ცრუ მედიის ფეისბუქ გვერდები, რომლებიც გაუქმებას გადაურჩნენ

21 მაი 202013:03
3 წუთის საკითხავი
 
gmraxya7n6qzyds.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" Facebook-ზე ყალბი ანგარიშების არსებობის და მათი გარჩევის შესახებ ვრცელ მასალას ავრცელებს. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის აპრილში „ფეისბუქმა“ კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო საქართველოში შიდა პოლიტიკურ კამპანიებში ჩართული 943 გვერდი, პროფილი, ჯგუფი და ინსტაგრამის ანგარიში წაშალა. მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოვლენილი ცრუ მედიების ქსელიც მოხვდა. 

ISFED-ის შეფასებით, აპრილში წაშლილი ცრუ მედიის გვერდების მოქმედების მთავარი ტაქტიკა მათთან კოორდინირებული პროფილების მეშვეობით პოსტების ღია და დახურულ ჯგუფებში გაზიარება იყო. მანამდე, გასული წლის 20 დეკემბერს, პლატფორმიდან კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო წაშლილ 344 ქართულ გვერდს შორის ასევე იყო „სამართლიანი არჩევნების“ მიერ იდენტიფიცირებული 35 ცრუ მედიის ტიპის გვერდი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოყოლებული, ცრუ მედიის გვერდები პრაქტიკულად ყოველდღიურ დასპონსორებულ კამპანიას ეწეოდნენ ხელისუფლების/მმართველი პარტიის სასარგებლოდ და ოპონენტების საწინააღმდეგოდ.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ამ დროისთვის „ფეისბუქზე“ დასპონსორებაზე მიმართული ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული 5 გვერდი მოქმედებს, რომლებიც სოციალური მედიის სხვა პლატფორმებსა და ვებ-გვერდებსაც იყენებენ. 

2020 წლის იანვარსა და თებერვალში, „სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ცრუ მედიის ხუთი ახალი გვერდი შეიქმნა: „webmedia.ge“, ”portalnews.ge“, ”pnn.ge“, ”infostudio.ge“ და “Georgian Media”. 

"ცრუ მედიის ეს გვერდები „ფეისბუქზე“ 2020 წლის იანვრიდან შეცვლილი ტაქტიკით გააქტიურდნენ, თუმცა უცვლელია მათი მთავარი სტრატეგია: ისინი თავის რეალურ მედიად წარმოჩენას ცდილობენ და ამ ნიღბით დასპონსორებულ პროპაგანდისტულ კამპანიას აწარმოებენ. ისინი ხელისუფლების სასარგებლოდ  ერთიან კოორდინირებულ ქსელს ქმნიან. გამოქვეყნებული პოსტების ნახევარი დასპონსორებულია. ამ პოსტებზე გვერდების საერთო ინტერაქციის (რეაქციების, კომენტარებისა და გაზიარებების ჯამი) 99%-ზე მეტი მოდის. ცრუ მედიის გვერდებზე სპონსორდება მხოლოდ ის პოსტები, რომელთაც პროპაგანდისტული მიზანი აქვთ და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისკენ არის მიმართული. ცრუ მედიის გვერდები ზოგჯერ ძველ ამბებსაც ავრცელებენ, მათ შორის იმგვარი სახით, რომ მკითხველს ისინი მიმდინარე სიახლედ მოეჩვენოს", -ნათვამია ინფორმაციაში.

ვრცლად მასალა იხილეთ აქ


close დახურვა