საკითხი, რომლის გადავადების გამოც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს თავს საერთაშორისო კრიტიკა დაატყდა - პროპორციული არჩევნებია. „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ აღიარა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას „ქართული ოცნება“ არც 2024 წელს გეგმავს. კალაძე ღიად ამბობს, რომ შერეული სისტემა უნდა შენარჩუნდეს. ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება კახა კალაძემ თანაგუნდელ დიმიტრი ხუდნაძეს და მის თანამოაზრეებს დააბრალა. დღეს ხუნდაძე ამბობს, რომ შერეული სისტემას „ქართულ ოცნებაში“ სრული მხარდაჭერა აქვს. საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად კი „ოცნება“ კონსულტაციების დაწყებას ოპოზიციასთანაც გეგმავს.
ამით დადასტურდა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის ვარაუდი იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნების“ შეთავაზება 100-50 - ზე მოდელის შესახებ, მიზნად ისახავს კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებასაც, რომლის მიხედვითაც წლევანდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგი კენჭისყრა პროპორციული მოდელით უნდა შედგეს. საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ ნოემბერში საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება „ოცნების“ მიერ დადგმული სპექტაკლი იყო. ამ ფონზე ოპოზიცია ბრძოლას „სამართლიანი საარჩევნო“ მოდელის დასამკვიდრებლად კიდევ უფრო გააქტიურებს.
არასამთავრობო სექტორში ფიქრობენ, რომ „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებათა მეხუთე რაუნდის წინ სიტუაციის გართულებას და მოლაპარაკებათა პროცესის გაჭიანურებას ცდილობს. მათი განცხადებით, მმართველი ძალა ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას საარჩევნო სისტემის შენარჩუნებით ცდილობს.
შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემით. ხელისუფლების წამომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. ამავდროულად „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს.
დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების უკვე 4 შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მათთვის მისაღები არც ე.წ. გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.
მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ, მმართველმა გუნდმა ახალი ინიციატივა წარადგინა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციას შერეული სისტემის შენარჩუნებას სთავაზობენ, თუმცა გაზრდილი იქნება პროპორციული მანდატების რაოდენობა, მაჟორიტარულის კი შემცირდება. მმართველი გუნდის ინიციატივით, პარლამენტში პროპორციული წესით 100 დეპუტატი უნდა აირჩიონ, მაჟორიტარული მანდატები კი 50-მდე შემცირდება. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპონენტებს სთავაზობს გუნდი, რომელსაც კონსტიტუციის შესაცვლელად ხმათა რაოდენობა არ აქვს.