Amnesty International-ის ახალი ანგარიში, სათაურით "რეპრესიების ანატომია - საქართველო: პროტესტის, დარბევისა და მედეგობის 500 დღე", ქვეყანაში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ადამიანის უფლებების მხრივ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე უკუსვლას დოკუმენტირებს.
გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება", უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ფონზე და ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების გამო მზარდი საზოგადოებრივი პროტესტის საპასუხოდ, ძალაუფლების შესანარჩუნებლად სულ უფრო ხშირად მიმართავს ავტორიტარულ მეთოდებს.
ანგარიში დეტალურად აღწერს, თუ როგორ აქცია ხელისუფლებამ დეზინფორმაცია იარაღად კრიტიკოსების დემონიზაციისთვის, როგორ გამოიყენა საპარლამენტო უმრავლესობა რეპრესიული კანონების დასაჩქარებლად, როგორ მოახდინა სასამართლოებისა და პოლიციის ინსტრუმენტალიზაცია ოპონენტების დევნისთვის და როგორ სასტიკად ჩაახშო მშვიდობიანი პროტესტი, რითაც, ფაქტობრივად, კრიმინალად გამოაცხადა განსხვავებული აზრი.
"საქართველოს ბოლო სამი წლის გამოცდილება არის საყურადღებო გაკვეთილი იმისა, თუ როგორ შეუძლიათ მთავრობებს საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების მიზნით, სახელმწიფო ინსტიტუტები სწრაფად აქციონ რეპრესიების მძლავრ იარაღად", - აღნიშნა Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ, დენის კრივოშეევიმ. მისივე თქმით, ქვეყანაში შეიქმნა სისტემა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ეროვნულ მტრადაა მიჩნეული, დამოუკიდებელი ჟურნალისტები გადარჩენის რეჟიმში არიან გადასულები.
ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების მხრიდან კრიტიკული ხმების, პოლიტიკური ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმართული აგრესია განსაკუთრებით გამწვავდა 2022 წლიდან, რის პარალელურადაც კრიტიკოსების წინააღმდეგ აგორდა კამპანია, რომელიც მათ უცხოეთიდან მართულ "ღრმა სახელმწიფოს" აგენტებად, "მოღალატეებად" და "რადიკალებად" წარმოაჩენდა. ამ რიტორიკის საკანონმდებლო გამყარებად იქცა 2024 წლის მაისში მიღებული კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", 2025 წლის აპრილის "უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი" და ცვლილებები "გრანტების შესახებ" კანონში, რამაც ათობით სამოქალაქო ორგანიზაცია იძულებული გახდა შეემცირებინა შტატი ან საერთოდ შეეჩერებინა საქმიანობა.
"მათ მოკლეს ჩვენი ორგანიზაცია, ჩვენი ინსტიტუტი და, გულახდილად რომ ვთქვა, ეს კატასტროფა იყო. ამ ეტაპზე ჩვენ მუშაობას მოხალისეობრივად ვაგრძელებთ", - ამბობს თამთა მიქელაძე, "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" დირექტორი, რომლის ორგანიზაციის ანგარიშებიც ხელისუფლებამ გაყინა.
"ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტებიც მსგავსი ზეწოლის წინაშე დგანან. მარიამ ნიკურაძემ Amnesty International-ს უთხრა:
„ჟურნალისტობა საქართველოში ასეთი საშიში არასდროს ყოფილა… გამოწვევები ყველა მიმართულებით მოდის: ფიზიკური უსაფრთხოება, შემზღუდავი კანონმდებლობა, ციფრული უსაფრთხოება, სისხლისსამართლებრივი დევნა, ხელისუფლების სიძულვილის კამპანიები, ფინანსური არასტაბილურობა და ჩვენი საქმიანობის სივრცის შემცირება", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში საუბარია, რომ ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ გამართულ მასობრივ აქციებს ხელისუფლება სისტემატურად პასუხობდა ძალისმიერი მეთოდებით, ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლისა და რეზინის ტყვიების უკანონო გამოყენებით.
"2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების სადავო შედეგებისა და მმართველი პარტიის მიერ 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებში ოთხწლიანი „პაუზის“ გამოცხადების შემდეგ, საპროტესტო გამოსვლები კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. ბევრი მათგანი აღწერდა, როგორ მოაქციეს პოლიციის კორდონებში, ქიმიურ გამაღიზიანებლების ზემოქმედების ქვეშ, როგორ აიძულებდნენ ცალ-ცალკე გაევლოთ ე.წ. „ცემის დერეფნებში“ და როგორ სცემდნენ სასტიკად დაკავების და პოლიციის ავტომობილებში ყოფნის დროს.
2024 წლის 3 დეკემბერს, თბილისში გამართული საპროტესტო აქციის დროს, 22 წლის ალექსანდრე თირქიას თავში ცრემლსადენი გაზის კაფსულა მოხვდა, რის შედეგადაც თავის ქალისა და სახის მრავლობითი მოტეხილობები, ტვინის დაზიანება და მარცხენა თვალის მძიმე დაზიანება მიიღო. მისი თქმით:
„ეს სასიკვდილოდ გამიზნული გასროლა იყო. ცრემლსადენ გაზს გვესროდნენ. თვალები საშინლად მეწვოდა და სუნთქვა ძალიან მიჭირდა. გაქცევა ვცადე, მაგრამ ალყაში ვიყავით მოქცეული. ყველა მხრიდან ჩაკეტილები ვიყავით — წინიდან, უკნიდან და გვერდით გასასვლელებიდანაც. სწორედ მაშინ მომხვდა გაზის კაფსულა. თავში აუტანელი ტკივილი ვიგრძენი. ისეთ აგონიაში ვიყავი, რომ ის მომენტი ჩემი მახსოვრობიდან საერთოდ წაიშალა", - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის ბოლოს Amnesty International მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს კანონმდებლობას.
"Amnesty International მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებებს, პარლამენტს, სასამართლო სისტემას, ასევე საერთაშორისო და კერძო აქტორებს, მიიღონ გადაუდებელი ზომები, რათა დასრულდეს ავტორიტარული მეთოდებით განსხვავებული აზრის ჩახშობა და სამოქალაქო სივრცის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დასუსტება.
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს კანონები, რომლებიც უკანონოდ ზღუდავს გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებს; გაათავისუფლოს ყველა ის პირი, ვინც მხოლოდ საკუთარი უფლებების მშვიდობიანად გამოხატვისთვისაა დაკავებული; დაიცვას კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა; და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვით, უზრუნველყოს პროტესტთან დაკავშირებული მიმდინარე საქმეების ხელახალი განხილვა.
ხელისუფლებამ ასევე დაუყოვნებლივ, დამოუკიდებლად და ეფექტიანად უნდა გამოიძიოს სამართალდამცავებისა და სახელმწიფოსთან დაახლოებული ჯგუფების მხრიდან წამების, სხვა არასათანადო მოპყრობისა და ძალის უკანონო გამოყენების ყველა ბრალდება და უზრუნველყოს სათანადო კომპენსაცია ყველა დაზარალებულისთვის. საერთაშორისო საზოგადოებამ კი მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოში ჩადენილი ადამიანის უფლებათა დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლის მიხედვით დანაშაულების აღწერას, გამოძიებასა და სისხლისსამართლებრივ დევნას, მათ შორის ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ყველა არსებული შესაძლებლობის გამოყენებით".
