ძალადობრივი პროტესტის მიუხედავად, ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრების ეკრანებზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბოლო საპრემიერო დღეს კინოთეატრები სეანსს ისევ სავსე დარბაზებით ხვდებიან.
ფილმის კინოთეატრში სანახავად მაყურებლისთვის დღეს ბოლო დღეა. ჩვენებას ესწრება 89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძეც.
„ისინი იმ აზროვნების არიან. რაც უნდა ველაპარაკოთ, ვერ შევუცვლით აზრს. ჩვენ კი, ვინც აქ ვართ, ამ აზრისა ვართ და ვესწრებით. კინო ხელოვნების ნიმუშია და როგორც არ უნდა იყოს, მე ყოველთვის შევეცდები, დავესწრო“, - ამბობს ლამარა აბჟანდაძე.
კინოთეატრში მოსული მაყურებლები ამბობენ, რომ კინოთეატრში შესასვლელად ასეთი სიტუაცია არ უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში.
ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ საქართველოში სამი დღის განმავლობაში - 8-9-10 ნოემბერს - გავიდა კინოთეატრებში. ქართულ-შვედური პროდუქცია უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში „ოსკარზეა“ წარდგენილი შვედეთის სახელით.