logo
ENG



პუბლიკა: ბასტი მგალობლიშვილის დაკავებას სიტყვის ჩახშობის მცდელობად განვიხილავთ

24 ოქტ 202520:26
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/24/ff4gkl1haaa7kx6.png

"პუბლიკა" მისი ჟურნალისტისა და თანადამფუძნებლის, ბასტი მგალობლიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

გამოცემა მგალობლიშვილის დროებით დაკავებას ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და სიტყვისა ჩახშობის მცდელობად განიხილავს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ პოლიციელების განმარტება, რომ თითქოს ჟურნალისტი "სხვაში შეეშალათ," ალოგიკურია, რადგანაც "პუბლიკის" თქმით, პოლიციელებმა იცოდნენ მგალობლიშვილის ვინაობა, მისამართი და სხვა დეტალური ინფორმაცია.

"როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, დღეს „პუბლიკის“ თანადამფუძნებელსა და ჟურნალისტს, ბასტი მგალობლიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელებს იგი დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ჰყავდათ მანქანაში, შეუზღუდეს გადაადგილების თავისუფლება, ძალის გამოყენებით წაართვეს ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, დაჰკავშირებოდა ოჯახს, კოლეგებსა და ადვოკატს.

მოგვიანებით, ფაქტის გახმაურებისა და ფართოდ გავრცელების შემდეგ, ის სახლში დააბრუნეს და უთხრეს, რომ „სხვაში შეეშალათ“, თუმცა ბასტი მგალობლიშვილი აღწერს გარემოებებს, რაც საწინააღმდეგოს ამტკიცებს – პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ მისი სახელი, გვარი, მისამართი; მის სახლთან იცდიდნენ დილიდან; იცოდნენ, რომ სტუმრად ჰყავდა ბებია და ა.შ.

ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი „პუბლიკის“ დაფუძნების დღიდან აქტიურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და ბოლო დღეების განმავლობაშიც აშუქებდა რუსთაველის პროტესტს.

„პუბლიკა“ მისი დაკავების ფაქტს აფასებს დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად და განიხილავს ხელისუფლების მცდელობად, ჩაახშოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.

„პუბლიკის“ ჟურნალისტები ხშირად გამხდარან როგორც პოლიციის ძალადობის, ასევე ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და პროპაგანდის სამიზნე.

ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის საქართველოში მომუშავე მედიის ყოველდღიურობა, თუმცა არ ვაპირებთ, შევეგუოთ მას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ჟურნალისტების ცემის, დაპატიმრების, დაშინებისა და ყველა სხვაგვარი რეპრესიის პრაქტიკა.

თავისუფლება მზიას ამაღლობელს!", - წერია განცხადებაში.


close დახურვა