რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ ის ინფორმაციას თვითონ ავრცელებს.
არხანგელსკის თქმით, "ის დეტალურად გამოჰკითხეს აფხაზეთის შესახებ, იყო თუ არა იქ, რა თქვა, რა არ თქვა". ამის შემდეგ პუბლიცისტს უთხრეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე არ დაუშვებდნენ და იმავე თვითმფრინავით უკან გააბრუნებდნენ. გადაწყვეტილების მიზეზი არ განუმარტეს.
ბლოგერმა ნიკოლაი ლევშიცმა აღმოაჩინა არხანგელსკის სტატია, რომელშიც ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე საუბრობს და რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწერა. ლევშიცის აზრით, შესაძლოა სწორედ პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები გახდა არშემოშვების მიზეზიც.
არხანგელსკი თბილისში დოკუმენტური ფილმის "შიმშილის" ჩვენებაზე ჩამოდიოდა, რომლის თანაავტორიც თვითონ არის. მისივე თქმით, ღონისძიებაში დისტანციურად მიიღებს მონაწილეობას.
17 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ არხანგელსკი ეკონომიკის უმაღლესი სკოლიდან გაათავისუფლეს. ერთი კვირის წინ გამოვიდა არხანგელსკის ინტერვიუ, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას მან გააკრიტიკა ფრაზა "ჩვენი ბიჭები" და თქვა, რომ პუტინი და ომი ერთმანეთს ერითმება. გარდა ამისა, ის წინააღმდეგ გამოვიდა საკონსტიტუციო ცვლილებებისა, რომლითაც პუტინს საპრეზიდენტო ვადები "უნულდება", ასევე, მან მხარი დაუჭირა ბელარუსის 2020 წლის პროტესტებს.