logo
ENG



პუტინი: თუ უკრაინა ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ იარაღს გამოიყენებს, სარკისებურად ვიმოქმედებთ

16 ივლ 202313:37
3 წუთის საკითხავი
 
პუტინი: თუ უკრაინა ჩვენს წინააღმდეგ კასეტურ იარაღს გამოიყენებს, სარკისებურად ვიმოქმედებთ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, თუ უკრაინა მათ წინააღმდეგ კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი „სარკისებურად იმოქმედებს“.

ამის შესახებ პუტინმა რუსულ სახელმწიფო, პროპაგანდისტულ არხზე Russia-1-ზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთს სხვადასხვა ტიპის კასეტური იარაღის საკმარისი მარაგი აქვს და თუ საჭირო გახდება გამოიყენებს კიდეც.

"რუსეთში სხვადასხვა ტიპის კასეტური იარაღის საკმარისი მარაგი გვაქვს. ამ დრომდე ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია - არ გამოგვიყენებია ეს ბომბები და ამის საჭიროება არ გვქონია, დროის კონკრეტულ მონაკვეთებში დეფიციტის მიუხედავად, და ჩვენ გვაქვს შეიარაღება, მაგრამ ეს არ გაგვიკეთებია. თუმცა თუ, რა თქმა უნდა, მათ ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენებენ - ვინარჩუნებთ სარკისებურად მოქმედების უფლებას." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი ვერსიით, აშშ-მ უკრაინას ამ ტიპის იარაღი იმიტომ გადასცა, რომ თავადაც აღჭურვილობის დეფიციტი აქვს. პუტინის აზრით, უკრაინა დღეში 5-6 ათას 155-მმ კალიბრის რაკეტას იყენებს, ხოლო ამერიკაში თვეში 15 000 ამ ტიპის იარაღს ამზადებენ.

"მათ არ აქვთ საკმარისი და ევროპას უკვე აღარ აქვს საკმარისი. მათ ვერ შეძლეს ვერაფერი უკეთესის შეთავაზება, ვიდრე კასეტური ბომბების" - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

7 ივლისს გახდა ცნობილი, რომ აშშ უკრაინას კასეტურ საბრძოლო მასალას გადასცემს. ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ თეთრი სახლი ამ გადაწყვეტილებაზე დიდხანს ფიქრობდა.

მისი თქმით, უკრაინული მხარისგან მიიღეს გარანტიები, რომ კასეტურ ბომბებს "მაქსიმალური სიფრთხილით" გამოიყენებენ.

კასეტური საბრძოლო მასალა ბომბებს დიდი ტერიტორიაზე ავრცელებს, შეჯახების დროს ბომბები შეიძლება არ აფეთქდეს და გრძელვადიანი საფრთხე შექმნას. კასეტური საბრძოლო მასალა 100-ზე მეტ ქვეყანაში აკრძალულია და შესაბამისი კონვენციის ხელმომწერია. აშშ და უკრაინა კონვენციის ხელმომწერები არ არიან.

13 ივლისს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, გენერალ-ლეიტენანტმა დუგლას სიმსმა განაცხადა, რომ "ამ დროისთვის კასეტური საბრძოლო მასალები მართლაც ჩასულია უკრაინაში", თუმცა მას არ დაუკონკრეტებია, უკვე გამოიყენეს თუ არა უკრაინელმა სამხედროებმა მიღებული იარაღი ფრონტის ხაზზე.

 

close დახურვა