logo
ENG



პუტინი: რთული გადაწყვეტილებების წელი იყო, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია რუსეთის სუვერენიტეტისკენ

31 დეკ 202218:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/31/uaaeo5pz8ub50ju.jpg

მოსახლეობისადმი საახალწლო მიმართვაში რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ 2022 წელი გარდამტეხი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების წელი იყო "რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვების გზაზე".

პუტინის თქმით, ამ წელმა ერთმანეთისგან "მკვეთრად გამიჯნა ჰეროიზმი და სიმხდალე" და ასევე გვაჩვენა, რომ "ყველაზე დიდი ძალა სიყვარულია".

რუსეთის პრეზიდენტმა 10-წუთიანი საახალწლო მიმართვა არა ტრადიციულად კრემლის ფონზე, არამედ რუს სამხედროებთან ერთად გაავრცელა.

"ეს რთული, აუცილებელი გადაწყვეტილებების წელი იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სრული სუვერენიტეტის მოპოვებისა და ჩვენი საზოგადოების ძლიერი კონსოლიდაციისკენ.

2022 წლის ნამდვილად გარდამტეხი და საბედისწერო მოვლენები გახდა ნიშნული, რომელიც საფუძველს უყრის რუსების საერთო მომავალს და მათ ჭეშმარიტ დამოუკიდებლობას: ესაა ის, რისთვისაც დღეს ვიბრძვით.

ეს იყო წელი რომელმაც ბევრ რამეს თავისი ადგილი მიუჩინა, მკვეთრად გამიჯნა სიმამაცე და ჰეროიზმი ღალატისა და სიმხდალისგან, გვაჩვენა, რომ არ არსებობს იმაზე დიდი ძალა ვიდრე საკუთარი ოჯახისა და მეგობრებისადმი სიყვარულია, მეგობრებისა და ამხანაგებისადმი ერთგულება და სამშობლოსადმი თავდადება." - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

საახალწლო მიმართვაში პუტინმა დასავლეთზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დასავლეთი აგრესიისთვის ემზადებოდა და დღეს უკრაინას იყენებს რუსეთის დასასუსტებლად.

„დასავლეთი წლების განმავლობაში ცრუობდა სიმშვიდის შესახებ და სინამდვილეში აგრესიისთვის ემზადებოდა და დღეს ის ღიად აღიარებს, აღარ რცხვენია. და დღეს ისინი ცინიკურად იყენებენ უკრაინას და მის ხალხს რომ დაასუსტონ და დაანაწევრონ რუსეთი“ - განაცხადა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის ლიდერები მშვიდობიან მიზნებზე საუბრობდნენ, მათ შორის დონბასის კონფლიქტის მოგვარებაზე თუმცა "სინამდვილეში ყველა შესაძლო გზით წაახალისეს ნეონაციზმი".

გარდა ამისა, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ 2022 წელს დასავლეთმა რუსეთს "ნამდვილი სანქციების ომი" გამოუცხადა, რითაც რუსეთის "ინდუსტრიის, ფინანსებისა და ტრანსპორტის სრულ განადგურებას ელოდა“. პუტინის თქმით, ამ მიზანს ვერ მიაღწიეს, რადგან რუსეთმა ერთობლივად შექმნა "უსაფრთხოების საიმედო საზღვრები".

პუტინის თქმით, რუსი სამხედროები ახლა უკრაინაში „სამშობლოსთვის, სიმართლისა და სამართლიანობისთვის, ასევე რუსეთში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიებისთვის“ იბრძვიან.

პრეზიდენტი ასევე დაჰპირდა დაღუპულების ოჯახებს, რომ „ყველა საჭირო დახმარებას გაუწევენ“.

პუტინმა მადლობა გადაუხადა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს და განაცხადა, რომ მთელი რუსეთი „ამაყობს მათი გამძლეობითა და სიმამაცით“.

ომის მომავლის შესახებ კი რუსეთის ლიდერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთისთვის მთავარია "დაიცვას ის წმინდა ვალდებულება, რაც წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე აკისრია".

„რუსეთის ბრძოლა საკუთარი ინტერესებისა და მომავლისთვის გახდება შთამაგონებელი მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის მათ ბრძოლაში სამართლიან მრავალპოლუსიან მსოფლიო წესრიგში“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მან რუსეთის მოსახლეობას მოუწოდა, სჯეროდეთ რომ მათი ქვეყანა "კვლავ დიდებული და დამოუკიდებელი იქნება, მხოლოდ წინსვლა ექნებათ და გაიმარჯვებენ".


close დახურვა