logo
ENG



პუტინი: ყველა ტერორისტი დაკავებულია, ისინი უკრაინაში გადასვლას ცდილობდნენ

23 მარ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 
2024/03/23/j7ob1b6y4c4aguu.jpg

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართა.

იგი ამტკიცებს, რომ თავდამსხმელებმა დამალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც საზღვრის გადასაკვეთად მათთვის ფანჯარა მზადდებოდა.

"რაც შეეხება ამ დანაშაულის გამოძიებას და ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგებს, ამ დროისთვის შეიძლება ითქვას შემდეგი. იპოვეს და დააკავეს ტერაქტის ოთხივე უშუალო დამნაშავე, ყველა, ვინც ესროლა და მოკლა ადამიანები. მათ დამალვა სცადეს და უკრაინისკენ დაიძრნენ, სადაც, წინასწარი მონაცემებით, უკრაინის მხარემ მათთვის სახელმწიფო საზღვრის გადასაკვეთად ფანჯარას ამზადებდა. სულ 11 ადამიანია დაკავებული. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და სხვა სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ ტერორისტების მთელი თანამზრახველი ბაზის იდენტიფიცირებასა და გამოვლენაზე: მათ, ვინც მათ ტრანსპორტით უზრუნველყოფდა, დასახა დანაშაულის ადგილიდან გაქცევის გზები, მოამზადა სათავსოები, იარაღისა და საბრძოლო მასალის საწყობები", - განაცხადა პუტინმა.

***

გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 143 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, დაღუპულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამასთან, საგამოძიებო კომიტეტი აცხადებს, რომ ამ დროისთვის, 41 პირის ცხედარია იდენტიფიცირებული.

უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პუტინს აცნობა, რომ 11 ადამიანი დააკავეს, მათგან ოთხივე უშუალო მონაწილეა.

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს. მედვედევის თქმით, თუ თავდასხმაში უკრაინელები არიან დამნაშავე, მათ რუსეთი "სათანადოდ გაუმკლავდება".

რაც შეეხება უკრაინის პოზიციას, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის დაზვერვა კი აცხადებს, რომ მოსკოვში, საკონცერტო დარბაზში მომხდარი თავდასხმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის თავდასხმაში მონაწილეობაზე "არაფერი მიუთითებს".

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. მათ საკუთარი განცხადების რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენიათ.


close დახურვა