ჩვენ ჯერ კიდევ ველით და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური გზით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე განაცხადა.
პუტინმა თქვა, რომ სტამბოლში გამართულმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებმა „გარღვევას“ მიაღწია, თუმცა ისინი ჩავარდა მას შემდეგ, რაც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა.
პუტინმა განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი სისასტიკე იყო „პროვოკაცია“ და დასძინა, რომ „რუსეთის არმიას ამასთან არაფერი აქვს საერთო“.
პუტინმა დასძინა, რომ მოლაპარაკებები გრძელდება და იმედი გამოთქვა, რომ ისინი დადებითი შედეგით დასრულდება.
2 აპრილს უკრაინამ, ომის დაწყების შემდეგ პირველად, კიევის რეგიონზე სრული კონტროლი დაიბრუნა. უკრაინელმა სამხედროებმა კიევის გარშემო 30-ზე მეტ ქალაქი და სოფელი გაათავისუფლეს, მათ შორის ქალაქი ბუჩაც.
უკრაინის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა მხოლოდ ბუჩაში 300-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დახოცეს. მათ ნაწილს ხელები შეუკრეს და ისე დახვრიტეს. დაღუპულების დიდი ნაწილი მასიურ სასაფლაოზე იპოვეს, ნაწილი კი ქალაქის ქუჩებში.