logo
ENG



პუტინი იმუქრება, რომ შეუძლია, იარაღი მიაწოდოს სხვა ქვეყნებს დასავლეთზე თავდასხმისთვის

06 ივნ 202412:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/06/sm5o781okuwn5oi.png

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები, რომ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება და უფლების მიცემა, გამოიყენონ ისინი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმებისთვის "სახიფათო ნაბიჯია", რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვის მიერ სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდება.

"თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია ასეთი იარაღის გაგზავნა საბრძოლო მოქმედებების ზონაში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე იყოს განხორციელებული დარტყმები და შეგვექმნას პრობლემები, მაშინ ჩვენ რატომ არ გვაქვს უფლება გავგზავნოთ ასეთივე კლასის იარაღი მსოფლიოს იმ რეგიონებში, სადაც დარტყმები განხორციელდება იმ ქვეყნების ობიექტებზე, რომლებიც ამას აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ?", - თქვა პუტინმა.

პუტინმა გამოყო გერმანია და თქვა, რომ ბერლინის მიერ საბრძოლო ტანკების მიწოდება უკრაინისთვის იყო პირველი დარტყმა რუსულ-გერმანულ ურთიერთობებზე, თუმცა მისი ნებართვა უკრაინისთვის რაკეტების გამოყენებაზე "კიდევ უფრო უარესია".

"ახლა, როდესაც ამბობენ, რომ გაჩნდება რაღაც რაკეტები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებს დაარტყამს. ეს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ანგრევს რუსეთ-გერმანიის ურთიერთობებს", - აღნიშნა მან.

ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენცია გამართა მსოფლიო საინფორმაციო გამოცემების 15 მთავარ რედაქტორთან, რომლებიც მასთან მიიწვია პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში. პუტინმა ამჯერად პრესკონფერენციაზე მიიწვია დასავლური მედიის წარმომადგენლებიც, როგორიცაა მაგალითად Assocıated Press, Reuters და სხვა ევროპული სააგენტოებიც.

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ "არამეგობრული ქვეყნების" წარმომადგენლები ჩართულები იყვნენ შეხვედრაში იმიტომ, რომ "მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინის გაცნობა და რუსეთის უშუალოდ გაგება".


close დახურვა