რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრებში აღიარა.
"ჩვენ ხომ ისინი ვაღიარეთ, ეს კი ნიშნავს, რომ ვაღიარეთ ყველა მათი ფუნდამენტური დოკუმენტი, მათ შორის კონსტიტუცია. იქ გაწერილია საზღვრები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების იმ დროისთვის, როდესაც ისინი უკრაინის შემადგენლობაში იყვნენ", - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც ფედერაციის საბჭომ საზღვრებს გარეთ ჯარის გაგზავნის უფლება მისცა.
პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა სადაო საკითხი კიევსა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების გზით გადაწყდება.
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები პრეტენზიას გამოთქვამენ დონეცკისა და ლუგანსკის სრულ ოლქებზე, თუმცა ამჟამად მხოლოდ მათ მცირე ნაწილს აკონტროლებენ. ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. ანდრეი რუდენკომ განაცხადა, რომ რუსეთი დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობას იმ საზღვრების ფარგლებში აღიარებდა, რომლის ფარგლებში ხორციელდება უფლებამოსილება.
რა საზღვრების ფარგლებში მოხდება დონეცკისა და ლუგანსკის აღიარება, ამ კითხვას პირდაპირ არ უპასუხა კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც.
21 თებერვალს ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში ნათქვამია, რომ ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.
რუსეთის პასუხად გერმანიამ Nord Stream 2-ის გაზსადენის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.
თემთა პალატაში დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა რუსეთის მიმართ ახალი სანქციები წარადგინა. სანქციები დაუწესდება 5 რუსულ ბანკს - როსია, IS ბანკი, გენერალური ბანკი, პრომსვიაზბანკი და შავი ზღვის ბანკი. ასევე, სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ სამ ოლიგარქს: გენადი ტიმჩენკოს, ბორის როტენბერგს და იგორ როტენბერგს.
ამასთა, აშშ-ს პრეზიდენტის ბრძანებით, აშშ-ის მოქალაქეებს დონეცკსა და ლუგანსკში ინვესტიციები აეკრძალებათ.