logo
ENG



პუტინის თქმით, ბრაზილიაში G20-ის სამიტზე არ ჩავა

18 ოქტ 202420:17
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/18/03ls6fg8boba4fs.jpg

ვლადიმირ პუტინის თქმით, იგი არ დაესწრება დიდი ოცეულის სამიტს, რომელიც ნოემბერში ბრაზილიაში გაიმართება. თავისი გადაწყვეტილება მან ახსნა იმით, რომ ღონისძიების ჩაშლა არ სურს.

BRICS-ის ქვეყნების მედიასაშუალებებთან შეხვედრის დროს, ბრაზილიური CNN-ის ჟურნალისტმა პუტინს ჰკითხა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გამო ეშინია თუ არა G20-ის სამიტზე დაკავების.

"ჩვენ ხომ გვესმის, რა ხდება რუსეთის გარშემო. მეც მესმის. მე პრეზიდენტ ლულასთან შესანიშნავი, მეგობრული ურთიერთობები მაქვს. რა, სპეციალურად წავალ იქ, ამ ფორუმის ნორმალური ფუნქციონირების ჩასაშლელად? ჩვენ ხომ შესანიშნავად გვესმის, რომ ეს ICC-იც რომ გამოვრიცხოთ, ყველა საუბარი მხოლოდ ამაზე იქნება. ფაქტობრივად დიდი ოცეულის მუშაობას ჩავშლით. რატომ?" - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, იპოვის, ვინ შეძლებს ბრაზილიაში "ღირსეულად წარადგინოს" რუსეთი მაღალ დონეზე. ამავე დროს, მას მიაჩნია, რომ ICC-ის მიერ გაცემული ორდერისთვის გვერდის ავლა მარტივია.

"ასეთი საკითხის გადაჭრა ძალიან მარტივია: საკმარისია ხელი მოაწეროთ მთავრობათაშორის შეთანხმებას და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია შეიზღუდება. ზოგადად, მთავრობათაშორისი შეთანხმება შეიძლება გაფორმდეს და არავინ მოხვდება რთულ მდგომარეობაში. ეს არის და ეს", - თქვა პუტინმა.


close დახურვა