ხვალ, 29 სექტემბერს, სოჭში ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი შეხვედრას გამართავენ. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა ბოლოს წელიწად-ნახევრის წინ შედგა. მას შემდეგ, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისინი სატელეფონო საუბრებს მართავდნენ.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ხვალინდელ შეხვედრაზეც მთავარი საკითხი კვლავ სირიის ომია. 2020 წლის მარტში მათ სირიის ქალაქ იდლიბში ცეცხლისშეწყვეტის შეთანხმებას მოაწერეს ხელი. იდლიბი სირიის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილია, აქ ომს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის ომი 2011 წლიდან დაიწყო, რუსეთი კი ბაშარ ალ ასადს პოლიტიკურ და სამხედრო მხარდაჭერას 2015 წლიდან უცხადებს.
სირიის ომში რუსეთი ბაშარ ალ ასადის, ხოლო თურქეთი შეიარაღებული ოპოზიციის მხარეს იკავებს.
რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების ხვალინდელ შეხვედრამდე სირიაში სამხედრო კონფლიქტი გამწვავდა. ერდოღანის რუსეთში ვიზიტი სწორედ იმ დროს ემთხვევა, როცა თურქეთი აქტიურად ცდილობს სირიის მხრიდან თავდასხმები დაბლოკოს და შიშობს, რომ რუსეთის მხარდაჭერილი სირიული ძალები თურქულ ტერიტორიებზე გადავა.
ამ დრომდე რუსეთსა და თურქეთს შორის სირიის ომში, მათ შორის იდლიბში, მშვიდობის დასამყარებლად არაერთი ხელშეკრულება დაიდო, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა.
ახლაც, მიუხედავად იდლიბში ცეცხლისშეწყვეტის ხელშეკრულების არსებობისა, იდლიბის თურქეთის კონტროლირებადი ნაწილი რუსეთის თვიმთფრინავებმა გასულ კვირას კვლავ დაბომბეს.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტი სერგეი ლავროვი თურქეთს 2018 წლის ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებს. ლავროვის თქმით თურქეთმა არ შეასრულა დანაპირები, რომ სირიიდან რადიკალურ ისლამისტებს გაიყვანდა.
აღსანიშნავია, რომ ერდოღანის ხვალინდელ ვიზიტამდე ორი კვირით ადრე სირიის პრეზიდენტი ბაშარ-ალ ასადი ვლადიმერ პუტინს რუსეთში შეხვდა და მათ სირიის კონფლიქტში თავიანთ ერთობლივ მიღწევებზე ისაუბრეს.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თურქეთმა 26 სექტემბერს, ერდოღანისა და პუტინის შეხვედრამდე სამი დღით ადრე, სირიაში პოზიციების გასამყარებლად თურქული ძალები გაგზავნა.
სირიაში ამ დროისთვის სამხედრო კონფლიქტი გამწვავებულია, სწორედ ამიტომ პუტინისა და ერდოღანის ხვალინდელ შეხვედრას სირიის კონფლიქტის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი აქვს, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრეზიდენტები სწორედ ამ საკითხზე ისაუბრებენ.
Bloomberg-ის ინფორმაციით, ერდოღანი შეეცდება პუტინი დაარწმუნოს, რომ თურქეთის საზღვართან მდებარე სირიის ტერიტორიებიდან სირიელი სამხედროები გაიყვანოს.
ის, რომ სირიის საკითხს შეხვედრაზე განიხილავენ, ოფიციალურადაც დადასტურდა. "სირიის და სხვა კონფლიქტებს პრეზიდენტები აუცილებლად განიხილავენ". - თქვა კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან არა მარტო იდლიბის საკითხზე, არამედ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრებს.
გარდა სირიის კონფლიქტისა, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორობასაც განიხილავენ, სირიაში, ლიბიაში, ავღანეთში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც.