logo
ENG



პუტინმა და მაკრონმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება განიხილეს

11 სექ 202221:30
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/11/qmmqvp08jt9fp4v.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ლიდერებმა უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

კრემლის ცნობით, ერთ-ერთი მთავარი თემა რაზეც ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციაა.

პუტინის თქმით, ატომურ ელექტროსადგურზე იერიშებს უკრაინული მხარე ახორციელებს, ამასთან მან მხარი დაუჭირა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საერთაშორისო ატომური სააგენტოს "არაპოლიტიზირებულ ჩართულობას".

ელისეს სასახლის ცნობით, მაკრონმა პუტინთან საუბარში ხაზი გაუსვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

"მაკრონმა შეახსენა პუტინს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე რისკების მიზეზი რუსული ოკუპაციაა, რომელიც ელექტროსადგურის მთლიანობას უშლის ხელს. მან სთხოვა რუსეთის პრეზიდენტს, რომ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან რუსულმა ძალებმა მძიმე ტექნიკა გაიყვანონ და დაიცვან საერთაშორისო ატომური სააგენტოს რეკომენდაციები", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, მაკრონმა და პუტინმა შავი ზღვის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხზეც ისაუბრეს. პუტინმა გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ "მარცვლეული, პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების საჭიროებისკენ უნდა იყოს მიმართული".

მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მაკრონმა თქვა, რომ ევროპული სანქციები არ ვრცელდება სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ან სოფლის მეურნეობისთვის აუცილებელ საქონელზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებს, განსაკუთრებით რუსეთს, აქვთ საერთო პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ, რომ რისკის ქვეშ მყოფმა ქვეყნებმა მიიღონ მათთვის საჭირო საკვები.

"მან სთხოვა პრეზიდენტ პუტინს უზრუნველყოს, რომ რუსეთის მიერ გაერო-ს კონტროლის ქვეშ მყოფი უკრაინასა და თურქეთთან მიღწეული შეთანხმება განხორციელდეს ისე, რომ ექსპორტირებული მარცვლეული გადავიდეს მათთან, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება“, - ნათქვამია ანგარიშში.


close დახურვა