logo
ENG



პუტინმა ვაგნერის ყოფილ მეთაურს მოხალისეთა დანაყოფების შექმნა დაავალა

29 სექ 202312:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/5if41nqn9sqshdi.jpg

29 სექტემბერს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრის მოადგილეს იუნუს-ბექ ევკუროვსა და ვაგნერის მეთაურს, ანდრეი ტროშევს შეხვდა. როგორც გავრცელებული სტენოგრამიდან ჩანს, პუტინმა ტროშევს მოხალისეთა დანაყოფების შექმნა დაავალა.

არც კრემლის საიტზე და არც ტექსტში ტროშევის საქმიანობის შესახებ მითითებული არაა.

"ბოლო შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმაზე, რომ თქვენ ჩაერთვებით მოხალისეთა დანაყოფების ფორმირებაში, რომლებსაც შეუძლიათ შეასრულონ სხვადასხვა საბრძოლო დავალება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში. თქვენ თვითონ იბრძოდით ასეთ ქვედანაყოფში ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. იცით, რა არის ეს, როგორ კეთდება, იცით საკითხები, რომლებიც დროზე ადრე უნდა გადაწყდეს, რათა საბრძოლო მუშაობა საუკეთესოდ და წარმატებულად წარიმართოს", - განაცხადა პუტინმა.

ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის აჯანყების შემდეგ ივლისში ტროშევი პუტინთან შეხვედრას ესწრებოდა. როგორც პუტინმა განაცხადა, მან დაქირავებულ მებრძოლებს დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, მათ შორის მათი უშუალო მეთაურის ტროშევის ხელმძღვანელობით.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ ტროშევი ამჟამად რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მუშაობს.


close დახურვა