კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო საბჭოს მდივნად თავისი ყოფილი პირადი მცველი ალექსეი დიუმინი დანიშნა. მანამდე დიუმინი ტულის რეგიონის ყოფილი გუბერნატორი იყო.
14 მაისს დიუმინი ტულის რეგიონის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადააყენეს და პრეზიდენტის თანაშემწედ დანიშნეს. მოგვიანებით, კრემლის პრესსამსახურში განმარტეს, რომ ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სპორტის საკითხების გააკონტროლებდა.
დიუმინმა კარიერა დაიწყო საპრეზიდენტო კომუნიკაციების განყოფილებაში ბორის ელცინის დროს, მაგრამ ითვლება პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად. ის პუტინის პირად მცველად 1999 წელს დაინიშნა. ყირიმის ანექსიის შემდეგ დიუმინს რუსეთის გმირის წოდებაც მიანიჭეს, ის გენერალ-პოლკოვნიკია. სახელმწიფო საბჭოს მდივნის პოსტზე მან პუტინის ასისტენტი იგორ ლევიტინი შეცვალა.
რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო საბჭო, როგორც პრეზიდენტის მრჩეველთა ორგანო, რუსეთის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. მასში შედიან მთავრობის მეთაური, სახელმწიფო სათათბიროსა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეები, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რეგიონების ხელმძღვანელები და საპარლამენტო პარტიების ხელმძღვანელები.
ეს ორგანო 2 000 წლიდან არსებობდა, თუმცა 2020 წელს პუტინის მიერ ინიციირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში, ის კონსტიტუციის ცალკე მუხლში აისახა. ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ სახელმწიფო საბჭოს პუტინისთვის ამზადებდნენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ცვლილებები პუტინს საშუალებას აძლევს, ახალი ვადით იყაროს კენჭი.