logo
ENG



პუტინსა და უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების შემდეგ, გერმანელი ვიცეადმირალი გადადგა

23 იან 202201:23
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: DW

გერმანელი ვიცეადმირალი კაი-აკიმ შონბახი სკანდალური განცხადებების შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. როგორც ვიცადმირალმა ბრიფინგზე აღნიშნა, შესაბამისი თხოვნით მან თავდაცვის მინისტრს უკვე მიმართა და მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.

ვიცეადმირალის გადადგომას წინ მის მიერ ინდოეთში გაკეთებული განცხადებები უძღოდა, რომელიც ანექსირებულ ყირიმს, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, ნატოსა და მათ შორის საქართველოსაც ეხებოდა. 

კერძოდ, გერმანული საზღვაო ძალების მეთაურმა მანამდე განაცხადა, რომ ოფიციალური კიევი ყირიმს მოსკოვისგან "ვერასდროს დაიბრუნებს", ხოლო ვლადიმერ პუტინი "პატივისცემას იმსახურებს". მან იმაზეც ისაუბრა, რომ "უკრაინა ნატოში გაწევრიანების კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, საქართველოს ალიანსში მიღება კი ჭკვიანური არაა".

ვიცეადმირალის ამ განცხადებებს მალევე გერმანიის მთავრობაც გაემიჯნა. თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა აღნიშნა, რომ შონბახის კომენტარები გერმანიის პოზიციას არ ასახავს. მოგვიანებით განცხადება თავად შონბახმაც გააკეთა და Twitter-ზე დაწერა, რომ ეს მისი პირადი აზრია და გერმანიის ოფიციალურ პოზიციასთან კავშირი არ აქვს. 


close დახურვა