logo
ENG



ჟვანია: შეიქმნა პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს

12 სექ 202016:50
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას განცხადებით, შეიქმნა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი, რომელიც აკმაყოფილებს მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს.

როგორც ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კოდექსი ეფუძნება 2018 წელს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებისას ცესკოს ორგანიზებითა და შვეიცარიის სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილ, საპრეზიდენტო კანდიდატების მიერ ხელმოწერილ ეთიკის პრინციპებს.

"პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი წარმოადგენს ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმებს, რომელთა მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა; საგნობრივი, პროგრამებზე ორიენტირებული ინკლუზიური საარჩევნო კამპანიის წარმოება, რომელშიც უზრუნველყოფილია თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესის მონაწილეთათვის", - განაცხადა ჟვანიამ.

მისივე თქმით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შვეიცარიის სახელმწიფოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მხარდაჭერით განახორციელა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსის შემუშავების პროცესის ფასილიტაცია.

"ეს დოკუმენტი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებს და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას, კოდექსის შესრულებაზე მონიტორინგისა და შიდა პარტიული აღსრულების მექანიზმებზე შეთანხმებას. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დოკუმენტის შემუშავებაში.

აქვე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე ვაქვეყნებთ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის და ვიწვევთ ყველა რეგისტრირებულ პოლიტიკურ პარტიას, შემოუერთდეს ამ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე", - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.


close დახურვა