logo
ENG



ჟორჟოლიანი ხაბეიშვილზე: ეს ადამიანი იტყუება

31 იან 202012:28
3 წუთის საკითხავი
 

საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთან ლევან ხაბეიშვილთან მომხდარ ინციდენტზე კიდევ ერთხელ საუბრობენ და აცხადებენ, რომ ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულო სამუშაო რეჟიმში უნდა გადავიდეს, ხოლო კითხვებს პასუხებს გამოძიება გასცემს.

„ორივე მხარემ მაქსიმალურად უნდა შეიკავოს თავი. ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოხდეს. მინდა მოვუწოდო მეორე მხარეს, რომ პირადი შეურაცხყოფებისგან შეკავებული იყოს თავი. უნდა გადავიდეთ სამუშაო რეჟიმში. მიმდინარეობს გამოძიება და დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში გამოიკვეთება პოზიცია“, - განაცხადა ტყემალაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან ჟორჟოლიანი კი აცხადებს, რომ ხაბეიშვილი ყველა წინადადებაში იტყუება.

„ყველა წინადადებასთან დაკავშირებით შემიძლია, მოგახსენოთ, რომ ეს ადამიანი იტყუება. როდესაც ამ ტყუილებს ეს ადამიანი აყოლებს ზევიდან პიროვნულ შეურაცხყოფებს, ჩემი კოლეგების ნაწილმა ვერ შეძლეს ადამიანურად ამ ყველაფრის მოთმენა“, - აღნიშნა ჟორჟოლიანმა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ხაბეიშვილს 24 იანვარს ბიუროს სხდომის დროს საკრებულოში სცემეს. კადრებში ჩანს, რომ ხაბეიშვილს „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატი თავს დაესხა. თავად ხაბეიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ინციდენტი წინასწარ დაგეგმილი იყო. 

ლევან ხაბეიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის მუხლით დაიწყო. ხაბეიშვილი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს და მოითხოვს, რომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყოს.

 


close დახურვა