logo
ENG



რა (არ) იდო მოლაპარაკების მაგიდაზე - ჯაფარიძე დეტალებზე წერს

19 მარ 202109:56
3 წუთის საკითხავი
 
რა (არ) იდო მოლაპარაკების მაგიდაზე - ჯაფარიძე დეტალებზე წერს

გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე 9-საათიანი შეხვედრის უშედეგოდ დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე არაფერი იდო.

ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ჩაშლილ მოლაპარაკებებზე პასუხისმგებლობის დაკისრება ოპოზიციაზე "მინიმუმ უსინდისობაა" და ჩამოთვლის იმ პუნქტებს, რა საკითხები არ იდო მაგიდაზე. 

"1. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო სრულად პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. ახლოსაც კი ვერ მივედით აქამდე;

2. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო საარჩევნო ადმინისტრაციის წესიერი დაკომპლექტების წესი;

3. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი მართლმსაჯულების სისტემის რეფორმა. იდო არაფერი, ჰაერი;

4. მოლაპარაკების მაგიდაზე არ იდო არანაირი ძალაუფლების დანაწილების სისტემური ხედვა. იდო არაფერი, ჰაერი;

მეტიც, ყოველ მომდევნო შეხვედრაზე მაგიდაზე იდებოდა ამ "არაფრის" გაუარესებული ვერსია. გაუარესება ხდებოდა ოცნების მოთხოვნების ვერდაკმაყოფილების გამო (და არა ოპოზიციის).

ბოლოს, გაუარესებამ მიიღო ისეთი სახე, რომ ოცნების მორიგი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ტექსტი ხდებოდა სრულიად უშინაარსო და კომიკური. ამას მოჰყვა მედიატორის რამდენიმესაათიანი კონსულტაცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და მოლაპარაკებების დასრულება.

არანაირ კომპრომისს ის ბრძენი კაცი არ აპირებს, არც აპირებდა, ფეხზე ჰკიდია, შარლ მიშელი ჩაერევა, თუ მიშელ ობამა. SVR რას იტყვის, ეგ აინტერესებს მხოლოდ. ესაა მოცემულობა.

პ.ს. არავინ აპირებდა რამეზე შეთანხმებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალ არჩევნებზე შეთანხმების გარეშე, მაგრამ მაინც, სრული სურათი რომ იყოს გასაგები", - წერს ჯაფარიძე. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის 9-საათიანი შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. 

შეხვედრის შემდეგ დანიელსონმა აღნიშნა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროგრესი არსებობს, თუმცა არის საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი მიღწეული არ არის. 

დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა და არაერთხელ შეხვდა როგორც ოცნებას, ისე ოპოზიციურ პარტიებს. 

მანამდე, საქართველოში თავად შარლ მიშელი ჩამოვიდა. მან 6-პუნქტიანი დოკუმენტი წარადგინა, რომელიც ხელისუფლებას და ოპოზიციას უნდა განეხილათ. მათ შორის იყო რიგგარეშე არჩევნებისა და პოლიტიკური პატიმრების საკითხი. 


close დახურვა