კახა კალაძის ინფორმაციით, დედაქალაქში მუნიციპალური სასაფლაოების მიმართულებით 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი, ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული მარშრუტებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
კალაძის თქმით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.
"ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან („თბილისი ცენტრალის“ პირდაპირ), ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან (კორპუსი N25-ის პირდაპირ) და ვარკეთილის III მასივიდან – შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან...აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, 11 აპრილის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. მოქალაქეების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება", – განაცხადა კალაძემ.
