ვითარება დაძაბულია საოკუპაციო ხაზთან. ღამით ატოცში საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები შენიშნეს. საფრთხეებზე ღიად მოსაუბრე ადგილობრივებს კი გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება აქტიურობას შანტაჟის გზით უკრძალავს. სამართალდამცველებმა ატოცში გადაადგილების საშუალება „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრებს ისევ არ მისცეს. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება რეალურ სურათს მალავს.
„ფორმულასთან“ საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ შიშის ფაქტორი აქვთ და ნაკვეთებს ვერ ამუშავებენ.
„რა ვქნათ, ვეგუებით. საზღვარზე ვართ. შიშის ფაქტორი გვაქვს, მაგრამ ვეგუებით,“ - აცხადებს ადგილობრივი.
ანტისაოკუპაციო მოძრაობის ინფორმაციით, სოფელ ატოცის მოსახლეობას სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა მეთოდებით აშანტაჟებენ. დავით ქაცარავას განცხადებით, ატოცის მკვიდრი ინტერვიუს გამო, დედასთან ერთად გამგეობაში დაიბარეს. ატოცელები ყვებიან,რომ საოკუოაციო რეჟიმის წარმომადგენლები ცხენებით საოკუპაციო ზოლთან გუშინაც იმყოფებდნენ თუმცა ხაზი არ გადმოუკვეთიათ. ამ ფონზე შინაგან საქმეთა მინისტრი ისევ დარწმუნებულია, რომ ადგილზე მნიშვნელოვანი არაფერი მოხდა.
ოკუპანტების მიერ ზოლის გადმოკვეთის შესსახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა გაავრცელეს. იმის დასტურად, რომ ატოცში ვითარება დაიძაბა ანტისაოკუპაციო მოძრაობამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრები გაავრცელა. „ძალა ერთობაშია“ აცხადებდა, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოკუპანტები ცხენებით პატრულირებდნენ.