logo
ENG



რა უშლის საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე - ანალიტიკოსები რეგრესზე მიანიშნებენ

15 თებ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 
542fc20j19x6wh1.jpg

რა უშლის საქართველოს ხელს ნატოში ინტეგრაციის გზაზე? - ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეგრესი იგრძნობა, რაც დიდ წილად ხელისუფლების უმოქმედობას უკავშირდება. 

დემოკრატიული რეფორმები, რასაც საქართველო ვერ უზრუნველყოფს, ექსპერტების აზრით, ერთ-ერთი მთავარი ბარიერია. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები კი ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ამ ფონზე მიუნხენის კონფერენციაზე, საქართველომ დღეს კიდევ ერთი მხარდამჭერი გზავნილი მიიღო.

თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასპირანტი ქვეყნებისთვის სამოქმედო გეგმის გააქტიურებაზე ისაუბრა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატო-ს გაფართოებაზე დღეს კიდევ ერთი განცხადება გააკეთა. მევლუტ ჩავოშოღლუ ამბობს, რომ დროა, ასპირანტ ქვეყნებს, რომელთა შორის ერთ-ერთი საქართველოა, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა სამოქმედო გეგმა მისცეს. 

უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ექსპერტები პარტნიორი ქვეყნების ამ განცხადებას მიესალმებიან, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის. მათ მიაჩნიათ, რომ ნატო-სთან ინტეგრაციის პროცესში საქართველოს ხელისუფლება პასიურობს. 

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ნატო-ში გაწევრების გზაზე მნიშვნელოვანია დემოკრატიული რეფორმები, რომელსაც საქართველო ვერ აკმაყოფილებს. მათი აზრით, ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო ასპარეზზე გამოთქმული შენიშვნები აღმოიფხვრას. 

"თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სწორად აფასებს საქართველოს ნატო-ში გაწევრების მნიშვნელობას" - აცხადებენ პარლამენტის საგარეო კომიტეტში, თუმცა ოცნებაში არ პასუხობენ ექსპერტების მთავარ პრეტენზიას - რომ მხოლოდ ღია განცხადებები საკმარისი არ არის და საქართველოს ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. 

 

 


close დახურვა