ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი, რომელიც ჟურნალისტებისადმი აგრესიითა და სიძულვილის ენით გამოირჩევა, საკმაოდ დიდ ქონებას ფლობს.
კერძოდ, მეუფე ანტონი ფლობს წილებს 8 კომპანიაში, საიდანაც 2 სახელმწიფო შესყიდვებში ფიქსირდება. მის კომპანიებს სახელმწიფო მეტწილად გამარტივებულ შესყიდვებს უფორმებს: შპს დოზოჯისგან კულტურის სამინისტრომ სუვენირები შეიძინა, ხოლო შპს ვინოგრადს ისნის გამგეობამ დაზიანებული კორპუსები გადაახურინა.
მიტროპოლიტი 10%-იან წილს ფლობს შპს სანდო-2007-ში, რომელიც 2006 წელს დაარსებული კომპანიაა და მისი დირექტორი ბოლო ამონაწერის თანახმად, გიორგი ზივზივაძე იყო, ხოლო 90%-იან წილს გულადი ზივზივაძე ფლობდა. 2017 წლის შემდეგ ინფორმაცია არ განახლებულა.
მიტროპოლიტი ანტონი საჯარო რეესტრის 2011 წლის ინფორმაციის მიხედვით, 100%-იან წილს ფლობდა შპს ეკვდერში, კომპანიის დირექტორი კი ვალერიან გიორგაძე იყო.
ასევე 100%-იან წილს ფლობს შპს სახლმშენში, კომპანიის დირექტორი კი ჯამბულატ ლაგვილავაა, თუმცა ინფორმაცია ბოლოს 2015 წელს განახლდა.
შპს ORA ET LABORA-ში 50-50%-იან წილებს იყოფენ მიტროპოლიტი ანტონი და გრიგოლ კვარაცხელია, ხოლო კომპანიის დირექტორი გიორგი მარიამიძეა.
შპს ვინოგრადი 2013 წელს დაარსდა, საჯარო რეესტრის ბოლო ინფორმაციაც 2013 წლით არის დათარიღებული. კომპანიის დირექტორი ვალერი ჩოჩია არის, რომელიც ასევე ფლობს 50%-იან წილს, დანარჩენი 50% კი მიტროპოლიტ ანტონს ეკუთვნის.
გარდა ამისა, ის ფლობს ძვირად ღირებულ უძრავ ქონებას – 160 კვადრატულ მეტრამდე ბინას თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე და უძრავ ქონებას წავკისში, ტაბახმელაში, ვანში და ბაღდათში.
აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბერში მეუფე ანტონი ვანში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას დაესწრო.
ის ასევე ხელმძღვანელობს საპატრიარქოს რამდენიმე ფონდსა და გიმნაზიას.
ფლანგვის დეტექტორში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მეუფე ანტონი დიდძალ ქონებას განკარგავს და აქტიურად არის დაკავებული სამეწარმეო საქმიანობით, მას მაინც მიაჩნია, რომ სახელმწიფო საპატრიარქოს უფრო მეტს უნდა უხდიდეს, ვიდრე ახლა უხდის.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი მეუფე ანტონი დიდი ხანია ჟურნალისტებისა თუ საზოგადოების მიმართ უხეში დამოკიდებულებით გამოირჩევა. ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მეუფე ანტონი, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, საკმაოდ აგრესიული კომენტარებით გამოირჩეოდა, მათ შორის, 11 ივლისს მას შემდეგ, რაც ტვ პორველის ოპერატორი გარდაიცვალა, მან ევროკავშირისა და აშშ-ს საელჩოებს შემდეგი ტექსტით მიმართა: "რაიო, შეურაცყოფილები ვართო, რატომ არ გამოიყვანეთ სპეცტექნიკა, რომლითაც აღგჭურვეთო? რატომ არ იძალადეთ უმრავლესობაზეო? ერთი ჟურნალისტი დაიღუპა და რა ამბავში ხართ და იმ მასობრივ არეულობაში რაც მოხდებოდა, დაგაკმაყოფილებდათ ვამპირებო?"
ამის შემდეგ კი 13 ივლისს მან ჟურნალისტები დაადანაშაულა ოპერატორის გარდაცვალებაში და მათ მოძალადეები უწოდა. აღსანიშნავია, რომ მეუფე ანტონის დამოკიდებულება ჟურნალისტების მიმართ ამით არ შემოიფარგლება: 2021 წლის 8 მაისს მან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი არხის ჟურნალისტს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ჟურნალისტი თავის პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.