ფორმულას ინფორმაციით, ახალი საკარანტინო შეზღუდვები, რომლებიც დღეს 26 ნოემბერს გამოცხადდება, 2 თვით გაგრძელდება.
გადაადგილებაზე შეზღუდვა (კომენდანტის საათი) 1 საათით გადმოიწევს და 21:00 სთ-დან დაიწყება.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე იკრძალება მუნიციპალური ტრანსპორტი - მეტრო, ავტობუსი და მიკროავტობუსი, ისევე როგორც, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.
28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სურსათის, სილამაზის და სპა სალონების გარდა დაიკეტება ყველა სხვა დაწესებულება, მათ შორის, ბაზრობები, სამშენებლო მაღაზიები, საცურაო აუზები, და სპორტდარბაზები.
დაკეტილი ობიექტები დროებით გაიხსნება 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე. საჯარო სამსახურები 3 იანვრამდე მაქსიმალურად დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავლენ.
რაც შეეხება კერძო დაწესებულებებს, ისინიც მაქსიმალურად დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, ოფისში მყოფმა დასაქმებულებმა სამუშაო დღე 15:00 სთ-ზე უნდა დაასრულონ.
საჯარო სამსახურები შვებულებაში გავლენ 3 იანვრიდან 15 იანვრამდე.
სკოლაში, უნივერსიტეტებსა და ბაღებში სწავლების პროცესი დისტანციურად გაგრძელდება. 24 დეკემბრიდან 3 იანვრამდე შეზღუდვების ნაწილი დროებით შემსუბუქდება, თუმცა შემდგომ ხელახლა ამოქმედდება.
საახალწლოდ, გადაადგილების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) იმოქმედებს 31 დეკემბრის 21:00 სთ-დან 1 იანვრის 5:00 სთ-მდე.
ფორმულას ინფორმაციით, ახალი საკარანტინო შეზღუდვები 28 ნოემბრიდან ამოქმედდება.