კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მესტიის მუნიციპალიტეტში საკარანტინო შეზღუდვები და რეგულაციები დააწესა.
დღეიდან 28 დღის განმავლობაში, მოქმედებს შემდეგი რეგულაციები:
გადაადგილება იზღუდება როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ისე მესტიის მუნიციპალიტეტიდან;
გადაადგილებაზე შეზღუდვები წესდება დაბა მესტიასა და დაბა მესტიის სოფლებს შორის;
დაბა მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში ფუნქციონირების უფლება ექნებათ მხოლოდ აფთიაქებს, საბანკო დაწესებულებებს, სასურსათო მაღაზიებსა და ღია ტიპის საკვებ დაწესებულებებს;
თავშეყრის ადგილებზე მკაცრად გაკონტროლდება სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეებში ნიღბების გამოყენება და ხელის ჰიგიენა;
მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარდება ინტენსიური ეპიდემიოლოგიური კვლევები და ტესტირება;
მუნიციპალიტეტის შესასვლელებს პოლიცია გააკონტროლებს;
შესაბამისი უწყებების მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებიდან ტურისტების საკარანტინო ზონებში განთავსებას უზრუნველყოფენ;
ყველა მოქალაქე, რომელიც მესტიის მუნიციპალიტეტს დატოვებს, სავალდებულო კარანტინს გაივლის;
მოქალაქეებმა, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ უშგულში, დაბა მესტიასა და სოფელ ლენჯერში, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიმართონ ცხელების ცენტრებს ან დაუკავშირდნენ 112-ს.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 17 მესტიაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1250 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1010 გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა.