ჯანდაცვის სამინისტრომ ზღვის სანაპირო ზოლისთვის ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციები დაამტკიცა.
ძირითადი რეკომენდაციების თანახმად, პლაჟის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განკუთვნილ სათავსებში თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული ინფორმაცია COVID-19-ის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ; მიზანშეწონილია, განისაზღვროს სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები, ასევე განიხილება პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა; უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანაპირო ზოლის დასუფთავება ნარჩენებისგან პერიოდულად, ერთჯერად პარკებში, საიდანაც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში. სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირები აღჭურვილი უნდა იყვნენ ხელთათმანებით და სახის დამცავი ფარით/ნიღბით.
„უზრუნველყავით დასაქმებულ პირთა თერმოსკრინინგი, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს. უზრუნველყავით დასაქმებულები სულ მცირე 60%-70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური საშუალებებით; უპირატესობა მიანიჭეთ უნაღდო ანგარიშსწორებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიყენეთ ხელთათმანები; დაიცავით უსაფრთხო დისტანცია (გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე); აკრძალეთ შეზლონგებისთვის განკუთვნილი რბილი, შეწოვადი გადასაფარებლების გამოყენება; წყლის ტრანსპორტის - სკუტერის, ველოსიპედის, ნავის, ასევე შეზლონგის, ქოლგის და სხვა ატრიბუტის გამოყენების შემდგომ, უზრუნველყავით მათი დეზინფექცია სათანადო წესით; დახურული სივრცის შესასვლელში განათავსეთ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით“, - წერია სამინისტროს დადგენილებაში.
გარდა ამისა, სამინისტრომ შეიმუშავა მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის.
„ინფექციის გადაცემის რისკების შემცირების მიზნით სანიტარიული კვანძების და საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება ხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით; სანიტარიული კვანძის დეზინფექციისთვის გამოიყენება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მიერ რეგისტრირებული საშუალებები; სანიტარიული კვანძის დასუფთავებისათვის გამოყენებული საყოფაცხოვრებო ქიმიისა და სადეზინფექციო საშუალებები უნდა ინახებოდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის განკუთვნილ, ჩაკეტილ სათავსში/კარადაში, პირვანდელი/მწარმოებლის შეფუთვით, რათა შესაძლებელი იყოს დიფერენცირება მარკირების მიხედვით და არ იყოს ხელმისაწვდომი ობიექტის ვიზიტორებისა და იმ პერსონალისთვის, რომელთა საქმიანობა არ უკავშირდება მათ გამოყენებას. დამლაგებლის ეკიპირებისათვის აუცილებელია: ნიღაბი; ერთჯერადი ხალათი; სპეციალური/სქელი ხელთათმანები (მრავალჯერადი); თვალის დამცავი (სათვალე ან სახის ფარი).
დასაქმებულთა ვალდებულებები: დაიცავით ჰიგიენის წესები თქვენს სამუშაო ადგილზე; სამუშაოს შესრულებისას სრულად გამოიყენეთ ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომლებიც დამსაქმებელმა მოგაწოდათ; სამუშაოს დასრულების შემდეგ სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ ის ადგილები და ხელსაწყოები, რომლებსაც იყენებთ მუშაობისას; ხელის ჰიგიენა ჩაიტარეთ ხშირად; გამოიყენეთ სულ მცირე 60-70%-იანი სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გამშრალებას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირსა და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება.
მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ: დაიცავით ამ რეკომენდაციით განსაზღვრული და ვირუსის გავრცელების პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებული წესები; დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი; გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში“, - წერია ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებაში.