logo
ENG



რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა სამართალდამცველებისგან დახმარებას ითხოვს

03 მარ 202020:17
3 წუთის საკითხავი
 

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა პოლიტიკური ზეწოლის შეწყვეტას ითხოვს და სამართალდამცველებისგან დახმარებას ელის. ჩაშლილი არჩევნების შემდეგ, მორაგბეები ღიად საუბრობენ ზეწოლაზე იმ პოლიტიკური გუნდის მხრიდან, რომლის წევრიც პრეზიდენტობის კანდიდატი, ირაკლი აბუსერიძეა. 

მოქმედი პრეზიდენტი არ აკონკრეტებს „ქართული ოცნების“ იმ მაჟორიტარების გვარებს, ვინც აბუსერიძის მხარდაჭერად პროცესებში უხეშად ერევა. ვრცელი განმარტებები სახელისუფლებო გავლენებზე არ სურს არც ირაკლი კობახიძეს, რომლის მამაც ერთ-ერთია გამგეობის წევრებს შორისა, ვინც საგანგებო მიმართვას ხელს აწერს და პოლიტიკური წნეხისაგან თავისუფალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. 

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა ხელისუფლების წარმომადგენლებს აფრთხილებს, პოლიტიკური ჩარევისგან და მორაგბეებზე ზეწოლისგან თავი შეიკავონ. ისინი ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი აბუსერიძის მხარდასაჭერად, მისი მეგობარი თანაპარტიელები კავშირის ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცესში ერევიან.

რაგბის კავშირის გამგეობამ საგანგებო მიმართვა გუშინ გაავრცელა. მათ მოქმედ პრეზიდენტს მხარდაჭერა გამოუცხადეს, კონკურენტები კი, შავი პიარის გამო გააკრიტიკეს. 

ირაკლი აბუსერიძე და მისი მხარდამჭერები ბრალდებებს სპეკულაციას უწოდებენ. „ქართული ოცნების“ დეპუტატი უარყოფს, რომ გამარჯვებისთვის პარტიულ რესურსს იყენებს და რაგბის კავშირის მოქმედი პრეზიდენტისგან კონკრეტული პოლიტიკოსების ვინაობის დასახელებას მოითხოვს. 

ზეწოლას უარყოფენ აბუსერიძის პოლიტიკური თანაგუნდელებიც. აცხადებენ, რომ ჩარევის და ზეწოლის შესახებ ბრალდებები საფუძველს მოკლებულია.

რაგბის კავშირის ხმაურიანი საპრეზიდენტო არჩევნები ერთხელ გადაიდო, შემდეგ კი, ჩაიშალა. არჩევნების ახალი თარიღი თვის ბოლომდე უნდა დასახელდეს.


close დახურვა