logo
ENG



რადას დეპუტატი ხელისუფლებას: სააკაშვილი გადაიყვანეთ ყველანაირი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში

29 ოქტ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის რადას დეპუტატი, იულია კლიმენკო საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, მიხეილ სააკაშვილი შესაბამისი აღჭურვილობის მქონე კლინიკაში გადაიყვანონ. კლიმენკომ ეს მიხეილ სააკაშვილთან შესვლამდე განაცხადა. 

მისივე თქმით, დეპუტატები ითხოვენ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადაეცეს.

"ჩემს ქვეყანაში მე ოპოზიციის წარმომადგენელი ვარ, მაგრამ მადლობა ღმერთს, მე ციხეში არ ვზივარ. გვინდა, რომ საქართველო დარჩეს დემოკრატიულ ქვეყნად, სადაც ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც აქვთ უფლება ილაპარაკონ, მივიდნენ არჩევნებზე, გამოხატონ პოზიცია.

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და უპირველესად გვინდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის მოქალაქე ნორმალურ პირობებშია. ვითხოვთ, რომ ის უკრაინას გადაეცეს. აქ კი მოვედით, რომ პირადად ვნახოთ მისი მდგომარეობა. ვთხოვთ საქართველოს ხელისუფლებას, გადაიყვანოს ის ისეთ კლინიკაში, სადაც ყველანაირი აღჭურვილობაა", - თქვა კლიმენკომ

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. დაკავებისთანავე მან შიმშილობა გამოაცხადა და უკვე 29 დღეა, საკვები არ მიუღია. 

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება. როგორც ექიმებმა თქვეს, აქვს პათოლოგიები, რაც, შიმშილობის პირობებში შესაძლოა სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათო გახდეს. 

დღეს, სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მიერ დანიშნულ კონსილიუმთან თანამშრომლობასა და მედიკამენტების მიღებას წყვეტს.

"როგორც იცით აქამდე ვთანამშრომლობდი მთავრობის მიერ დანიშნულ სამედიცინო კონსილიუმთან, ერთი მიზნით, რომ არჩევნების დღემდე შემენარჩუნებინა მინიმალური შრომისუნარიანობა და აზროვნების უნარი. დღეს ვასრულებ ამ თანამშრომლობას. მადლობელი ვარ კონსილიუმის ყველა წევრის.

სამწუხაროა, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი მთავარი რეკომენდაცია, დღეის შემდეგ აღარ მივიღებ შიმშილობის შემამსუბუქებელ მკურნალობას და აღარ ჩავაბარებ ანალიზებს", - წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც ჟურნალისტებს გიორგი გელხაურმა გააცნო.


close დახურვა