კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებამ მოიპოვა.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე ინსპექტირების 5 ანგარიში მომზადდა, მათგან 6 სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს ეკუთვნის. აღნიშნული კომპანია კი 2022 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი, ტენდერის მოსაგებად ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო. ვაკის პარკის შადრევანზე ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში სხვა კომპანიამ - მშენ ექსპერტმა შეასრულა.
"სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვით ეძებდა კომპანიას, რომელიც ინფრასტრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა უნდა გაეწია. ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია სახელმწიფოს გარდაცვლილი ექსპერტით სთავაზობდა მომსახურებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შესყიდვების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს კონკურენტი კომპანიის საჩივრით", - აღნიშნავს რადიო თავისუფლება.
კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ამირანაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს შავ სიაში შეყვანა არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ბოლო ინსპექტირება სხვა კომპანიამ ჩაატარა.
13 ოქტომბერს ვაკის პარკის შადრევანში 3 ბავშვს დენმა დაარტყა. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ისინი შადრევანში ბურთის ამოსაღებად იყვნენ ჩასულები. ერთ-ერთი ბავშვი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. რაც შეეხება კიდევ ორ მოზარდს, ერთ-ერთი დღეს საავადმყოფოდან გაწერეს, ხოლო მეორე ბავშვის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის მართვითი სუნთქვიდან მოხსნეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
მერიამ ვაკის პარკის რეაბილიტირებული შადრევანი და მცირე კასკადი 12 ოქტომბერს გახსნა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ ნიუ ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ "გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის ყველა აუცილებლად აგებს პასუხს, მათ შორის მეც თუ მაქვს რაიმე დანაშაული მზად ვარ, კანონის წინაშე ვაგო პასუხი."
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი აღნიშნავს, რომ შადრევანს ექსპერტიზა ჩაუტარდება, ხოლო გამოძიება მომხდარის დეტალებს დაადგენს. გიგაშვილის თქმით, შადრევანი იყო შემოწმებული და მას ხარვეზი არ ჰქონდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპლუატაციაში არ შევიდოდა.