რადიო თბილისმა (FM 93.5) The Killers -ის მუსიკა სამაუწყებლო ეთერიდან ჩახსნა. ინფორმაციას რადიომაუწყებელი თვითონ ავრცელებს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. რუსეთი ოკუპანტია!" - აღნიშნულია განცხადებაში.
Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა დარბაზიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა, რასაც ხალხის პროტესტი მოჰყვა.
სოციალურ ქსელში მოქალაქეები წერდნენ, რომ ერთ-ერთი სიმღერის შესრულებამდე, ჯგუფის სოლისტმა დარბაზში შეკრებილებს ჰკითხა, იცოდა თუ არა მათ შორის ვინმემ დრამზე დაკვრა, რის შემდეგაც, სცენაზე ერთ-ერთი ადამიანი აიყვანა, რომელიც ეროვნებით რუსი აღმოჩნდა.
შერჩეული დრამერის ეროვნების გაგების შემდეგ, სოლისტმა აუდიტორიას ჰკითხა, მისაღები იყო თუ არა მათთვის, რომ სცენაზე რუს დრამერს დაეკრა, რასაც ხალხის მხრიდან შეძახილები მოჰყვა. ამის მიუხედავად, ჯგუფმა რუს დრამერთან ერთად დაუკრა.
სიმღერის დასრულების შემდეგ, The Killers-მა აუდიტორიას მიმართა და აღნიშნა, რომ მისი აზრით ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს და მუსიკაში საზღვრები არ არსებობს. ამ სიტყვებს აუდიტორიის მხრიდან უფრო დიდი პროტესტი მოჰყვა, რის გამოც, მსმენელთა ნაწილმა დარბაზი დატოვა.
ბლექ სი არენაზე კონცერტის შემდეგ, The Killers-მა განცხადება გაავრცელა და მსმენელს ბოდიში მოუხადა. ბენდში ამბობენ, რომ "ხალხის თავდაპირველი პასუხი მიანიშნებდა, რომ აუდიტორიიდან სცენაზე აყვანილი ადამიანი მისაღები იყო". ისინი განმარტავენ, რომ მათი კომენტარი "შესაძლოა არასწორად იქნა გაგებული".
მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ბლექ სი არენამაც და განმარტა, რომ "არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის მათი პოზიცია". კომპანია მსმენელს ბოდიშს უხდის.