logo
ENG



რაზმაძე: სახელმწიფო სტრუქტურები, მათ შორის დამოუკიდებელი სტრუქტურები უნისონში მოქმედებენ

12 ნოე 202312:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/12/plo8kq93k6glohm.png

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე აღნიშნავს, რომ მისი საქმის გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უჩენს ეჭვს, რომ ყველაფერი წინასწარ შეთანხმებული იყო. მისი თქმით, ამ საქმის ფარგლებში სახელმწიფო და სისტემა მის წინააღმდეგ გაერთიანდა.

"სახელმწიფო, სისტემა ჩემ წინააღმდეგ გაერთიანდა და ვფიქრობ, ეს დასკვნაც მოამზადა არა ცალკე აღებულა გენინსპექციამ, არამედ მთლიანმა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სახალხო დამცველი ვალდებული იყო, ამ სამსახურების შემოწმებამდე საკუთარი დასკვნა არ გამოექვეყნებინა. თუმცა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ ყველა სახელმწიფო სტრუქტურა, მათ შორის დამოუკიდებელი სტრუქტურები უნისონში მოქმედებენ.

ეს გადაწყვეტილება გამოძიების არდაწყების თაობაზე აგვისტოს დასაწყისში გავასაჩივრე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში და პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ ეს პროცესი გააჭიანურა და ზუსტად 30 ოქტომბერს მათაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ჩემს შუამდგომლობას, საჩივარს, განცხადებას არ დააკმაყოფილებდნენ. 30 ოქტომბერს ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უცებ შეთანხმდა, რომ რეალურად ჩემი განცხადების საფუძველზე არსებულ სამართალწარმოებას დაასრულებდნენ, ამიტომ მიჩნდება ლოგიკური ვარაუდი იმისა, რომ ეს ყველაფერი იყო წინასწარ შეთანხმებული", - განაცხადა რაზმაძემ.

10 ნოემბერს გოგა რაზმაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს - როგორც მან განაცხადა, შსს-ს გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე დისციპლინური სახდელი შეუფარდეს.

12 ივლისს გოგა რაზმაძემ, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, Facebook-ზე გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც ისაუბრა სამინისტროში დისკრიმინაციის და შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილის მიერ მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ მოპყრობასა და ახსნა-განმარტების მიცემის იძულების ფაქტზე.

გოგა რაზმაძის თქმით, 4 ივლისს, საგამოძიებო სამსახურს მიმართა და განცხადებაში აღნიშნა, რომ საქმის გამოძიების დროულად დაწყებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა მტკიცებულებების (მათ შორის, ვიდეოჩანაწერების) განადგურების თავიდან ასაცილებლად.

28 ივლისს, გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მისი საქმის გამოძიებაზე უარი თქვა.

აღნიშნული საქმის შესწავლა სახალხო დამცველის აპარატმა. 30 ოქტომბერს ომბუდსმენის მიერ საქმის შეწყვეტის შესახებ თავად გოგა რაზმაძემ Facebook-ზე დაწერა. რაზმაძე აცხადებდა, რომ იოსელიანის მიერ საქმის შეწყვეტის დასაბუთება "სამარცხვინოა".

მისივე ინფორმაციით, იოსელიანმა საქმის შესწავლისას რაზმაძის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ასევე, არ გამოკითხა მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის მოწმე არცერთი პირი.


close დახურვა