ოკუპანტების მიერ გატაცებული ორი ქართველიდან, ერთ-ერთი ექიმი ალექსი მამულიაა. ინფორმაციას მოზაიკა ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მამულია სხვადასხვა კლინიკაში მუშაობს, მათ შორის ერთ-ერთი გორის სამხედრო ჰოსპიტალია.
საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ისინი სოფელ ქვემო ნიქოზის მიმდებარედ დააკავეს.
მოზაიკა წერს, რომ ექიმი ალექსი მამულია კუპირებულ ტერიტორიაზე ოპერაციის გასაკეთებლად გადავიდა, რუსმა ოკუპანტებმა კი უკანონოდ დააკავეს.
მოგვიანებით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. KGB-მ განცხადება გაავრცელა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების "საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება".
უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 322 -ე მუხლის მესამე ნაწილითაა აღძრული (წინასწარ განზრახვით, სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა პირთა ჯგუფის მიერ). მათ ე.წ სასამართლომ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მამულიასთან ერთად დაკავებული ვანო ჯაფიაშვილია. ის ნიქოზის მოსაზღვრე სოფელ ფხვენისიდანაა.