ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 13 იანვრით დათარიღებული განკარგულება გამოქვეყნდა, რომელშიც კადიროვი მისი „დროებით არაშრომისუნარიანობის“ შესახებ იუწყება და უფლებამოსილებას, მთავრობის მეთაურს, მუსლიმ ხუჩიევს აბარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
გასულ წელს კადიროვმა მინიმუმ ორჯერ გადააბარა უფლებამოსილება ხუჩიევს, რაც ასევე „დროებით არაშრომისუნარიანობით“ ახსნა, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რას გულისხმობს კადიროვი, ამ ფორმულირების მიღმა - დასასვენებლად გამგზავრებას თუ ავადმყოფობას. რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური რედაქცია დაუკავშირდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის თანაშემწეს, ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიოკომპანია „გროზნის“ დირექტორს, ახმედ დუდაევს, და ჰკითხა მას, სად შეიძლება იმყოფებოდეს ამჟამად მისი უფროსი. მაგრამ დუდაევმა მოუცლელობა მოიმიზეზა და კომენტარზე უარი თქვა.