logo
ENG



რამიშვილი: გამომძიებლების თქმით, თამარის გარდაცვალება შესაძლოა კარგად დადგმული სცენარი იყოს

12 აგვ 202014:18
3 წუთის საკითხავი
 

ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ ბოლოს თამარ ბაჩალიაშვილის ელექტრონულ ფოსტაზე შესვლა 10 აგვისტოს ფიქსირდება. 

აღსანიშნავია, რომ სწორედ 10 აგვისტოს ბაჩალიაშვილის ოჯახი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში იმყოფებოდა, თუმცა ბიუროს დატოვების შემდეგ, ოჯახის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის სოციალურ ქსელებში შესვლა ვერ მოხერხდა. 

მიხეილ რამიშვილი არ გამორიცხავს, რომ ელ.ფოსტაზე წვდომა თავად გამომძიებლებსაც ჰქონდეთ. ადვოკატის განცხადებით, გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, გამომძიებლებიც საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლოა ბაჩალიაშვილის გარდაცვალება კარგად დადგმული სცენარი იყოს, რომელიც მკვლელობას უკავშირდება.

"ფაქტია, რომ ვიღაცებს ან ვინმეს კიდევ აქვს წვდომა კომპიუტერთან იმიტომ, რომ ფიქსირდება 10 აგვისტოს შესვლა ელექტორონულ მეილზე. თუ აქამდე საუბარი იყო თვითმკვლელობაზე ან თვითმკვლელობამდე მიყვანაზე, გუშინ უკვე მკვლელობაზეც იყო საუბარი საგამოძიებო ორგანოს, გამომძიებლების და პროკურორის მხრიდან", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ჟურნალისტ ელისო კილაძის გამოკითხვა მიმდინარეობს. მის გამოკითხვას ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მოითხოვდა, რადგან როგორც ელისო კილაძე ამბობს, 22 ივლისს, სწორედ იმ დღეს, როდესაც ბაჩალიაშვილის ცხედარი თეთრიწყაროში აღმოაჩინეს, დაუკავშირდა ერთი პირი და შეატყობინა თამარ ბაჩალიაშვილის სამსახურეობრივი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. ელისო კილაძემ შსს-ში შესვლამდე განაცხადა, რომ დღეს საგამოძიებო უწყებებს სწორედ იმ პირის შესახებ მიაწვდის ინფორმაციას, რომელიც 22 ივლისს დაუკავშირდა.

"სავარაუდოდ საქმე ეხება იმ სატელეფონო ზარს, რომელიც განხორციელდა 22 ივლისს ჩემ ტელეფონზე, თამარ ბაჩალიაშვილის პოვნის დღეს და რომელმაც მომაწოდა კონკრეტული ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილი თავის სამსახურში მუშაობდა პორნოსაიტების მომსახურებაზე. ეს პირი ლეგალურია, თუმცა ის უარს აცხადებს იმ პირის დასახელებაზე, ვინც პირველად მოუყვა ამ ფაქტის შესახებ", - განაცხადა ელისო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოსვლის შემდეგ, გადაცემაში "პოლიტმეტრში" განაცხადა, რომ სპეციალისტებმა გარდაცვლილის Gmail-ი გახსნეს. რამიშვილის განმარტებით, 13 ივლისიდან 18-ივლისამდე მეილზე სიცარიელეა. 

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.


close დახურვა