უკრაინაში მებრძოლების წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია გრძელდება. ამჯერად, სუს-მა ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანი, გელა კახაბრიშვილი გამოკითხა.
გამოკითხვის შემდეგ კახაბრიშვილმა და მისმა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადეს, რომ ბიძინა ივანიშვილისა და ოცნების მაღალჩინოსნების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებასთან დაკავშირებით კითხვები დაუსვეს.
"კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. იყო საუბარი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება", - განაცხადა რამიშვილმა.
ადვოკატის თქმით, გამოკითხვის პროცესში უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ახსენეს და იკითხეს, რა შეხება აქვთ მათ უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მბრძოლ ქართველებთან.
"ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება", - ამბობს რამიშვილი.
კახაბრიშვილის ადვოკატის აზრით, მსგავსი დაკითხვების მიზანი, საბოლოო ჯამში, წინასაარჩევნოდ შიშის დათესვაა.
"კითვების ქრონოლოგია აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის იმ ტაქტიკასთან, როცა მართლა უნდა გამოიძიო, თუ ასეთი საფრთხე არსებობს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად წინასაარჩევნოდ შიშის დათესვას ემსახურება", - აღნიშნა რამიშვილმა.
როგორც ცნობილია, უწყება გამოძიებას რამდენიმე მუხლით აწარმოებს - სახელმწიფოს გადატრიალების, შეთქმულებისა და ტერორიზმის მუხლებით. საქმეებს საიდუმლო გრიფი ადევს.
სუს-ში დაბარებულთა რაოდენობა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 10-მდე გაიზარდა. მებძოლები დარწმუნებულები არიან, რომ მათი დაბარება ოკუპანტი ქვეყნის დავალებით ხდება და საქართველოს ხელისუფლება რუსეთის დაკვეთით მოქმედებს.
"შემრცხვა. ამდენი ხანია საქართველოს ვიცავთ და ვიბრძვით და ეხლა ტერორისტები გავხდით", – თქვა გელა კახაბრიშვილმა.
თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საქმეზე დამატებითი განცხადება არ გაუვრცელებია.