logo
ENG



რამიშვილი: რაც პროკურატურას აწყობს, ექსპერტიზის პასუხადაც იმას აცხადებენ

02 სექ 202009:04
3 წუთის საკითხავი
clock 600

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზაზე პროკურატურის განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბაჩალიაშვილის მანქანაზე ბუქსირების და გათრევის კვალი არ აღმოჩნდა, ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საეჭვოდ მიაჩნია.

მიხეილ რამიშვილის თქმით, მას ექსპერტიზის შედეგებზე, შემოწმებიდან ერთ დღეში საუბარი აეჭვებს. ის პროკურატურისგან შეთანხმების შესრულებასაც ითხოვს და ამბობს, რომ კონკრეტული სატელიტებიდან მონაცემების ამოღება ყველა კითხვას გასცემს პასუხს. 

"რაც აწყობს პროკურატურას მათ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებით დაუყოვნებლივ ცხადდება და კეთდება. ეს არ არის საბოლოო ექსპერტიზის დასკვნა, პირველადი დასკვნაა. შეთანხმების თანახმად, სურათები, შესაბამისი კოორდინატები, რაც ჩვენ მიერ იქნა მიწოდებული, აღნიშნული სურათები უნდა იყოს წარმოდგენილი. ჩემი ინფორმაციით, მოძიებული ყოფილა გარკვეული კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ, რომ გადაიღონ. ამით ყველა კითხვას პასუხი ექნება გაცემული", - აცხადებს მიხეილ რამიშვილი. 

მიხეილ რამიშვილი დღეს სამხარაულის ექპერტიზის ბიუროშიც მივა, სადაც გარდაცვლილი პროგრამისტის პირადი ნივთებია მიტანილი. დღეიდან თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩაერთვებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პროკურატურამ ბაჩალიაშვილის მანქანის პირველადი ექსპერტიზის დასკვნა გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის საბურავებზე ბუქსირებისგათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი. 

უწყების განცხადებით, მანქანა ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ჰიუნდაი ავტო საქართველოს წარმომადგენლებმა და ოჯახის ადვოკატმა თამარ ბაჩალიაშვილის 31 აგვისტოს დაათვალიერეს.

23 წლის პროგრამისტი, თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ სამართალდამცველებმა 22 ივლისს, თეთრიწყაროს სოფელ მაწევანის ტყეში, თავის მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. 4-დღიანი უშედეგო ძებნის შემდეგ მისი ოჯახის წევრებმა ფონიჭალაში გზა გადაკეტეს და გამოძებას ეფექტიანად მუშაობისკენ მოუწოდეს. მომდევნო დღეს, 23 ივლისს, სამძებრო სამუშაოებში ვერტმფრენიც ჩაერთო. გარდაცვლილის ცხედარიც იმავე დღეს იპოვეს. 

ოჯახი ამტკიცებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა და ცხედარი 5 დღის განმავლობაში პოვნის ადგილას არ ყოფილა და ის იქ მოგვიანებით მიიყვანეს. ოჯახისვე განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი მოკლულია.


close დახურვა