logo
ENG



რას მიაწერს გახარია ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესახებ კინზინგერის განცხადებას

08 აგვ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 
hbqu80jc8t3ectx.jpg

 

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ადამ კინზინგერის განცხადებას, NATO-ის წევრობისთვის საქართველოს მზაობასთან დაკავშირებით, აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის არნახულ მასშტაბს უკავშირებს. 

ამასთან, გახარია მიიჩნევს, რომ საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. 

"ვინ რანაირი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს, საქართველოს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობას არაფერი ემუქრება. პირიქით, ეს ურთიერთობა ბოლო წლების განმავლობაში გახდა ისეთი, როგორიც არ ყოფილა არასოდეს. სწორედ ამის შედეგია მსგავსი განცხადებები. დღეს საქართველო სრულად არის მზად [NATO-ის] წევრობისთვის და ამას ჩვენი პარტნიორები ხედავენ, აფასებენ.

რა თქმა უნდა, ეს არის პროცესი, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოს მშვიდობიანი განვითარება არის აუცილებელი პირობა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის", - განაცხადა გახარიამ. 

გუშინ აგვისტოს ომის შესახებ გამართულ საერთაშორისო ონლაინკონფერენციაზე ამერიკელმა კონგრესმენმა და კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერმა თქვა, რომ დროა, საქართველო ნატოს სრულუფლებიანი წევრი გახდეს.

აშშ-სა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების შესახებ მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, 24 ივლისს ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სრულმა შემადგენლობამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15%-ის შეჩერებას ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოსთვის გათვალისწინებული 135 მლნ დოლარის 15%-ის გაცემა შესაძლოა შეჩერდეს მანამ, სანამ ამერიკის სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებისთვის, კორუფციასთან ბრძოლისთვის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ქმედით ნაბიჯებს დგამს. 

ასევე 21 ივლისს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორებას, რომელიც საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების და საარჩევნო რეფორმის განხორციელების მონიტორინგს ითვალისწინებს. 

კანონპროექტში ვკითხულობთ, რომ კონგრესის დავალებით, სახელმწიფო მდივანმა შესაბამის კომიტეტებს უნდა მოახსენოს, დგამს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ეფექტურ ნაბიჯებს საარჩევნო რეფორმის განსახორციელებლად, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, მედიის თავისუფლების ხელშესაწყობად და  პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დასაცავად. 

 

 

 

 


close დახურვა