logo
ENG



რას ნიშნავს, იყო მუსლიმი საქართველოში - ედო ჯავახიძე

16 იან 202121:21
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/16/uyggt4dbos3q7wy.png

მოქალაქე ედო ჯავახიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც საქართველოში მუსლიმი თემის პრობლემებსა და მათ მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზე საუბრობს. 

"არასდროს მისაუბრია საჯაროდ ამ თემაზე, მაგრამ ბოლო დღეების განმავლობაში სათქმელი ბევრი დამიგროვდა და მინდა გულწრფელად, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე მოგიყვეთ, რას ნიშნავს იყო საქართველოში მუსლიმი.

მთელი ბავშვობა მაღალმთიან აჭარაში გავატარე. დაახლოებით, 8-9 წლის ასაკში დავიწყე სიარული სოფლის მედრესეში, რომელიც დღემდე ჩემთვის თბილ ღუმელში ცეცხლის გიზგიზთან და ჩემი თანატოლების ლამაზი ხმით წაკითხულ ყურანის აიათებთან ასოცირდება. იმამი ყოველი ლოცვის შემდეგ ხმამაღლა ამბობდა ვედრებას, რომელშიც აუცილებლად იყო მოხსენიებული ქვეყნის დაცულობა შიდა თუ გარე მტრებისგან და გამთლიანებულ საქართველოში ცხოვრება. ამ ვედრებას კი პატარები ხმამაღალი"აამინით" ვეხმიანებოდით.

წლების განმავლობაში ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ვინმე მეორეხარისხოვან მოქალაქედ ჩამთვლიდა, მაგრამ 13-14 წლის ასაკში სოციალურ ქსელში წავაწყდი პოსტს, რომლის ქვემოთაც მუსლიმების სიძულვილით გაჟღენთილი კომენტარების ნიაღვარი მოდიოდა. მთელი კვირების განმავლობაში საშინელ სიბრაზეს ვგრძნობდი, რასაც კომენტარებშიც გამოვხატავდი ხოლმე, მაგრამ ბოლოს თავი დავანებე ყველა უსაფუძვლო ბრალდებაზე, ლანძღვასა თუ გინებაზე პასუხის გაცემას. ჩავთვალე, რომ ასეთი ადამიანები ცოტანი იყვნენ და ყურადღების მიქცევასაც არ იმსახურებდნენ თავიანთი მორალის გამო. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი, ძალიან ბევრნი არიან და რაც ყველაზე სამწუხაროა, საზოგადოების ყველა რგოლში, ყველა სოციალურ ფენაში. სწორედ ამის გაცნობიერებაა ქართველი მუსლიმისთვის ყველაზე რთული.

იყო ქართველი მუსლიმი, ეს პირველ რიგში, ნიშნავს ამტკიცო, რომ ქართველი მუსლიმები არსებობენ და შესაძლებელია, რომ თან ქართველი იყო და თან მუსლიმი. ამის მტკიცებას ბევრი არაფერი სჭირდება, მაგრამ თვითონ მტკიცების პროცესი, ამის საჭიროება ძალიან, ძალიან დამთრგუნველია.

იყო ქართველი მუსლიმი, ეს ნიშნავს, ყველა ფეხის ნაბიჯზე ისმინო დამახინჯებული ისტორია, რომლის მთავარი შინაარსი არის ის, რომ შენი რწმენა გააზრებულ პრინციპებს კი არა „ცეცხლით და მახვილით გამაჰმადიანებული“ წინაპრების ტრადიციას ეფუძნება. აქაც ბევრი არაფერია საჭირო, რომ საკუთარი პოზიცია ახსნა და ამ ისტორიის სიყალბე დაამტკიცო, მაგრამ ესეც გღლის და მოტივაციას გართმევს.

იყო ქართველი მუსლიმი, ეს ნიშნავს, ლოცულობდე საკუთარ სახლში და არ გქონდეს დაცულობის განცდა, ან იყო უსაფრთხოდ და გეშინოდეს, რომ შენს მუსლიმ ძმებს საფრთხე ემუქრებათ. წარმოუდგენლად რთულია ერთიც და მეორეც. წარმოუდგენლად რთულია, აიტანო ის უსუსურობის განცდა, რომელიც ამ დროს გეუფლება.

იყო ქართველი მუსლიმი, ეს ნიშნავს, იცხოვრო ქვეყანაში, სადაც შალვა ნათელაშვილის მსგავსი პოლიტიკოსები ფიქრობენ სტრატეგიაზე, რომლის მეშვეობითაც „მაჰმადინთა მოქცევა“ უნდა განხორციელდეს. წარმოიდგინეთ, რა რთულია იმის გაცნობიერება, რომ შენი იდენტობა პრობლემაა, რომლის გადაჭრისთვისაც, მოსახლეობის დიდი ნაწილის აზრით, სტრატეგია უნდა არსებობდეს.

ამდენი მტკიცების, მოთმინების შემდეგ, დიდი ძალისხმევა გჭირდება, რომ იზრუნო პიროვნული განვითარებისთვის, იმისთვის, რაც ასე ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მყავს მეგობრები, კურსელები, ნაცნობები, რომლებიც არ არიან ისლამის მიმდევრები, მაგრამ არასდროს უგრძნობინებიათ ჩემთვის, რომ რამით განსხვავებული ვარ. სწორედ ასეთი ადამიანების არსებობა გაძლევს ძალას, გააგრძელო ჩვეულებრივი ცხოვრება.

მეგობრებო, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?! რომელ განვითარებაზეა საუბარი?! ეს რა სიბნელეა?! რა დროს რელიგიური დაპირისპირებაა?! რატომ ვხარჯავთ ძვირფას დროს ისეთი ბანალური ჭეშმარიტების გათავისებაზე, რომ თანასწორები ვართ და მიუხედავად განსხვავებულობისა, ერთამანეთს პატივს უნდა ვსცემდეთ?!

ვიცი, ეს პრობლემა კომპლექსური ფაქტორებითაა განპირობებული, მაგრამ იმაშიც ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არ გავჩერდებით, არ დავიღლებით, ისევ ვიქნებით სამაგალითო მოქალაქეები და ადრე თუ გვიან ამ ქვეყანაში მუსლიმებზე მხოლოდ უსაფრთხოების ჭრილში აღარ ისაუბრებენ", - წერს ედო ჯავახიძე.


close დახურვა