საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პოლონეთის პრეზიდენტ ანდჟეი დუდას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის შესახებაც პრეზიდენტის ადმინისტრაციების განცხადებებში სხვადასხვა აქცენტებია ხაზგასმული.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დუდამ ზურაბიშვილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული "წარმატებული შეხვედრა" მიულოცა და ის "დეესკალაციისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯად შეაფასა".
სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტებმა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
"სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო ურყევად მიუყვება ნატო-საკენ სავალ გზას. საჭიროა ასევე, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობები კიბერუსაფრთხოების სფეროში", - ვკითხულობთ ადმინისტრაციის განცხადებაში.
თუმცა პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში არაფერია ნათქვამი მიშელის მედიაციით გამართული შეხვედრის წარმატებაზე და არც საქართველოს პრეზიდენტის მიმართ მილოცვაზე.
ადმინისტრაციის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ანდჟეი დუდამ დიალოგისკენ მიმართულ ყველა ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილური მუშაობისთვის.
"პრეზიდენტმა დუდამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა დიალოგისკენ მიმართული ქმედებების და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიმართ, რათა აღდგეს დემოკრატიული ინსტიტუტების სტაბილური საქმიანობა საქართველოში.
გვაქვს მოლოდინი, რომ დაწყებული დიალოგი მიმართული იქნება ყველა მხარის მოლოდინების დაკმაყოფილებისკენ", - ვკითხულობთ პოლონეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.