გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველოს მთავრობა საზღვარს უპირობოდ უხსნის. ამის შესახებ დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს ჩამოსვლა ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ.
პროცედურები იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომლებისთვისაც საზღვარი უპირობოდ იხსნება
● საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
● მათივე თანხმობის შემთხვევაში, ანდა საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.
● ასევე, სავალდებულო წესით ტესტირებას ან კარანტინს გაივლიან ის პირები, რომლებსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვთ ევროკავშირის არაწევრ მაღალი საფრთხის მქონე ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია.
● საქართველოში ჩამოსულ თითოეულ პირთან, მთელი აქ ყოფნის პერიოდში, პროაქტიურ კომუნიკაციაში იქნება და მათზე იზრუნებს სპეციალურად შექმნილი ქოლ-ცენტრის ჯგუფი.
რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.
● ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნის გარდა, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, გრძელდება შემდგომი მუშაობა შესაბამის პროცედურებთან დაკავშირებით.
ვინ არ ხსნის საზღვრებს საქართველოსთვის
● ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე.
● ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი.
● ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება.
საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება
● საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ19-ზე PCR ტესტი, ან გაიარონ სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით. ეს არ ეხებათ ევროკავშირის წევრი იმ 5 ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.
● შესაბამისი ელექტრონული ფორმები, რომლის შევსებაც წინასწარ მოუწევთ როგორც ევროკავშირის ზემოთჩამოთვლილი ქვეყნების მოქალაქეებს, ასევე, ნებისმიერი საქმიანი ვიზიტის განმახორციელებელ პირებს, ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე www.StopCoV.ge.
საქართველოს მოქალაქეებს მოგზაურობის შემდეგ კარანტინის გავლა მოუწევთ
● საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. ასევე მათ უნდა გაითვალისწინონ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ზემოთ ჩამოთვლილი მიდგომები საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით.
რეგულარული ავიარეისები
● ევროკავშირის იმ 5 ქვეყნის მიმართულებით, რომლებთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს, საავიაციო მიმოსვლის და რეგულარული რეისების აღდგენის მიზნით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საერთაშორისო ავიაკომპანიებთან. მათ შორის, ავიაკომპანია Lufthansa-სთან უკვე მიღწეულია შეთანხმება მიუნხენის მიმართულებით 2020 წლის აგვისტოდან კვირაში 2 რეისის განხორციელებასთან დაკავშირებით, ასევე მუშაობენ AirBaltic-სა და AirFrance-თან.
● გარდა ამისა, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები - Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს:
13 ივლისი - ვარშავა,
15 ივლისი - ბარსელონა,
17 ივლისი - რომი,
22 ივლისი - პარიზი,
28 ივლისი - ათენი.
● ამ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
● ასევე, კომერციულ ჩარტერულ რეისებს ახორციელებს ქართული ავიახაზები (აირზენა) შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელავივში.
● უახლოეს დღეებში, ერთჯერადად შესრულდება კატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი, დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.
● საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე შენარჩუნდება დღეს მოქმედი რეგულაციები.