logo
ENG



რას წერს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე

10 დეკ 202313:47
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/10/p5dbsqqgqeb8pn2.jpg

სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე საუბრობს. ომბუდსმენი რამდენიმე საკითხს გამოყოფს, ესენია, ოკუპაცია, სიღარიბე, ეროვნული უმცირესობები, გამოხატვის თავისუფლება, პატიმრების უფლებები და თანასწორობა და სხვა. 

სახალხო დამცველი საუბრობს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაზე და აღნიშნავს, რომ მომხდარმა ქვეყანას დამღა დაასვა.

"აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; უკანონო "ბორდერიზაციის" პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა", - წერს იოსელიანი.

მისი თქმით, ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება წლებია საქართველოში დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. გამოწვევად ასახელებს იმასაც, რომ გასულ წლებში დევნილებისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია.

რაც შეეხება სიღარიბეს, ომბუდსმენი ამბობს, რომ ეს გამოწვევა კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. განსაკუთრებულ ყურადღებას კი  ბავშვთა სიღარიბეზე ამახვილებს. წერს, რომ ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული სახელმწიფო სერვისები საკმარისად მოქნილი არაა. 

"მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება. არასრულწლოვანების ოჯახებისთვის პრობლემურია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებლის, საკვებისა და ბაზისური საჭიროებების პირადი მოხმარების ნივთების არქონა, რის გამოც ბავშვებს კვლავ უხდებათ სხვადასხვა მძიმე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში. 

მნიშვნელოვან გამოწვევას უწოდებს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციას და ხაზს უსვამს, რომ საჭიროა სხვადასხვა უწყების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტურად განხორციელება. მისივე თქმით, აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება. ამ კონტექსტში დადებითს უწოდებს 2023 წელს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშვე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის დამტკიცებას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სიღარიბე უარყოფითად აისახება ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. მისი შეფასებით, სამწუხაროა, რომ ქვეყანას დღემდე არ აქვს ეფექტური სამოქმედო გეგმა ხანდაზმული მოსახლეობის ღირსეულ და ჯანსაღად დაბერების გარანტიების შესაქმნელად. 

"დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. გარდა ამისა, დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტები შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე. პრობლემურია ასევე სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

წერს ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის გამოწვევებზეც. მისი თქმით, დღემდე პრობლემაა ეროვნული უმცირესობების ბილინგური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადება/გადამზადება. ასევე, პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნვეყოფა. პრობლემად მიიჩნევს სხვადასხვა გადაწყვეტილებისას ეროვნული უმცირესობების სრულყოფილად მონაწილეობას.

ცალკე გამოყოფს კანონის უზენაესობისა და სამოქალაქო პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის საკითხებს. კერძოდ, წერს, რომ 2023 წელს გამართულ არაერთ შეკრებაზე, აქციასა თუ კონტრაქციაზე, რიგ შემთხვევებში, პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი.

"მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს.

ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც", - წერს ის.

რაც შეეხება მედიის თავისუფლებას, მისი თქმით, ამის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვრომობის უფლებების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად, მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რაც არსებულ საჭიროებებს ვერ პასუხობს.

"2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს".

ცალკე გამოყოფს დაკავებულთა უფლებებს. საუბრობს სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არასებობაზე, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოებაზე. მიუთითებს, რომ პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს ყოფნა უწევს, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით ისევ არ არის დაფარული. ასევე, აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს დაკავებულთა იზოლატორებში გადაყვანამდე მათ ადგილსამყოფელზე ინფორმაციის მიღება გართულდა.

"გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს", - ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება თანასწორობის უფლებასა და დისკრიმინაციასთან ბრძოლას, ომბუდსმენი მიუთითებს, რომ 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი.

"ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება".

სახალხო დამცველის განცხადებაში, ასევე, ვხვდებით, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა და რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვისა დაბრუნების საკითხს. გენდერული თანასწორობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ფემიციდს, სოფლად მცხოვრებ ქალთა ალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის პრობლმებსა და სხვა. 

"სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას. 2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა".

ომბუდსმენი ყურადღებას ამახვილებს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების არსებობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატი უნდა გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შს მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე.

მისი შეფასებით, კვლავ შეუსრულებელია კვლავ შეუსრულებელია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მონიჭებული რიგი რეკომენდაციები, მათ შორის, სასამართლოს თავმჯდომარეების ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს.

 


close დახურვა