logo
ENG



რასაც ივანიშვილი ხელს დაადებს, უნდა მისცენ - წყალტუბოს კურორტის გასხვისება

05 ნოე 201916:37
3 წუთის საკითხავი
 
5327p7ptjzxa8qx.jpg

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაუშვებელია, წყალტუბოს კურორტის იმ ფორმით გასხვისება, როგორს ეს დაანონსდა პოლიტიკოსების მხრიდან. ისინი მიიჩნევენ, რომ ივანიშვილმა სახელმწიფოს ფუნქცია შეითავსა. 

გარდა ამისა, მესამე სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, წყალტუბოს კურორტის გენერალური გეგმა შეიმუშავოს და შესაბამის ობიექტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭოს. NGO-ები მიიჩნევენ, რომ ობიექტების გასხვისება კონკურენტულ გარემოში უნდა მოხდეს. 

"უკვე პრაქტიკად იქცა, ის რომ ეს ადამიანი (ივანიშვილი) პრაქტიკულად ითავსებს სახელმწიფოს ფუნქციებს. ის ამბობს, რომ ვინაიდან სახელმწიფომ ვერ მოახერხა დაეგეგმა მისი სტრატეგიული საჯარო რესურსების განვითარება, ამას გავაკეთებ მეო. ის ამას აკეთებს, მისი შეხედულებების, მისი პირადი გადაწყვეტილებების საფუძველზე. ჩვენ ვხედავთ რისკს, რომ ქვეყნის მნიშვნელოვანი სტრატეგიული რესურსები დაიგეგმოს ერთი ადამიანის სურვილზე და არა დემოკრატიული ჩართულობს გზით. საჯარო რესურსი საჯილდაო ქვა ხდება ბიზნესის ხელში, ისე რომ საზოგადოებას აზრსაც არ ეკითხებიან," - აცხადებენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი სულხან სალაძე თავის მხრივ მიიჩნევს, რომ რესურსების გადაცემა ფორსირებულად არ უნდა მოხდეს და აღნიშნავს, რომ ობიექტის გასხვისებამდე დეტალური გეგმა უნდა იყოს გაწერილი. 

"ბატონი ბიძინა ივანიშვილის გავლენა ყველაზე დიდია ქვეყანაში. პრაქტიკულად თუ ის გადაწყვეტს რაიმეს, ძალიან რთულია, რომელიმე რესურსზე ან ქონებაზე ვისაუბროთ, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ასეთ პირობებში, ფორსირებულად გადაწყვეტილების მიღება არ უნდა ხდებოდეს. გასხვისებამდე ჯობს ჯერ კონკრეტული დეტალების დადგენა, მათ შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება მოხდეს," - განაცხადა სულხან სალაძემ. 

წყალტუბოს კურორტის გასხვისების ფაქტს ოპოზიციაში მყოფი დეპუტატებიც აკრიტიკებენ. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, სახელმწიფო ინსტიტუტები მიმართულია იმისკენ, რომ ბინა ივაანიშვილის ინტერესების შესრულებას ემსახურონ. 

"მთელი სახელმწიფოს ინსტიტუტები მომართულია იქით, რომ რასაც დაადებს ხელს ივანიშვილი, იქნება ეს აბასთუმანი თუ წყალტუბო, რასაც მოისურვებს უნდა მისცენ. ზოგიერთმა ადამიანმა თავისი შრომით და რესურსით რაღაცები განავითარა, კერძო სასტუმროები და ასე შემდეგ, და ახლა რა ვქნათ, ივანიშვილი იქ უნდა მივიდეს, ამ ადამიანებმა დაყარონ ყველაფერი და მისცენ ივანიშვილს?! უამრავი პრობლემა შემოდის ამით," - განაცხადა ჭიაბერაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.

 

 

 

 

 


close დახურვა